აშშ-ის მოქალაქეთა დიდი ნაწილი როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიიდან, მხარს უჭერს, ერთი მხრივ, არასაფრენი ზონების დაწესებას უკრაინაში, მეორე მხრივ კი ფიქრობს, რომ აშშ-მა უნდა შეწყვიტოს ნავთობისა და გაზის ყიდვა რუსეთისგან. აღნიშნულ განწყობებს ასახავს კვლევა, რომელიც სააგენტო Reuters-მა და კომპანია Ipsos-მა მიმდინარე კვირის ხუთშაბათსა და პარასკევს ჩაატარეს.
Reuters-ის მიხედვით, გამოკითხვა აჩვენებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ამერიკელთა აღშფოთება იზრდება, რაც ზეწოლას ახდენს პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე, მოსკოვის წინააღმდეგ უფრო აგრესიული მოქმედებების განსახორციელებლად. მიუხედავად ამისა, ბაიდენი ამ დრომდე უარს ამბობს უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადებაზე, ნატოსა და რუსეთს შორის ღია კონფლიქტის რისკის გამო.
სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ უცნობია, სრულად აცნობიერებენ თუ არა არასაფრენი ზონის დაწესების მომხრე რესპონდენტები კონფლიქტის რისკს. მეორე მხრივ, გამოკითხულთა უმრავლესობა წინააღმდეგია როგორც აშშ-ის ჯარების გაგზავნისა უკრაინაში, ისე უკრაინის არმიის მხარდასაჭერად ავიადარტყმების განხორციელების.
კვლევის შედეგები რიცხვებში ასეთია:
ამერიკელთა 74% — მათ შორის, დემოკრატებისა და რესპუბლიკელების უმრავლესობა — მხარს უჭერს აშშ-ისა და ნატოს წევრი ქვეყნების მიერ უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადებას;
ასევე დიდი უმრავლესობა — 80% — ფიქრობს, რომ აშშ-მა უნდა შეწყვიტოს რუსეთისაგან ნავთობის ყიდვა.
81%-ის აზრით, ვაშინგტონმა დამატებითი სანქციები უნდა დაუწესოს რუსეთს. ორშაბათსა და სამშაბათს ჩატარებულ კვლევაში ეს მაჩვენებელი 4%-ით ნაკლები(77%) იყო;
გამოკითხულთა დაახლოებით 77% აცხადებს, რომ აშშ-მა უნდა გაყინოს ვლადიმერ პუტინთან ასოცირებული რუსი ოლიგარქების აქტივები;
ბაიდენზე ასევე იზრდება ზეწოლა, რათა გააძლიეროს ეკონომიკური წნეხი რუსეთზე, რუსული ნავთობისა და გაზის მასიური ექსპორტის მიმართულებით. ზოგიერთი დასავლელი ლიდერი შიშობს, რომ ასეთმა მიდგომამ, შესაძლოა, გლობალური ენერგეტიკული კრიზისი და კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს. მეორე მხრივ, Reuters-ის გამოკითხვა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა დაახლოებით 62%-ის აზრით, ღირს საწვავსა და გაზში მეტის გადახდა სხვა დემოკრატიული ქვეყნის დასაცავად;
გამოკითხულთა უმრავლესობა — 72% — მიიჩნევს, რომ აშშ-მა უკრაინას იარაღი უნდა მიაწოდოს. აშშ-მა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაძლიერების პირობა უკვე დადო, ბაიდენმა კი სთხოვა კონგრესს, დაამტკიცოს დამატებით $10 მილიარდის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის;
ამერიკელების დაახლოებით 74%-მა თქვა, რომ მათმა ქვეყანამ უნდა მიიღოს უკრაინელი ლტოლვილები;
ჯო ბაიდენის მიერ კრიზისის მართვას 45% აფასებს დადებითაც, რაც 11%-იან ზრდას ნიშნავს გასულ კვირას ჩატარებულ გამოკითხვასთან შედარებით.
ხსენებული გამოკითხვა მთელ აშშ-ში ჩატარდა ონლაინ, ინგლისურ ენაზე. გამოიკითხა 831 ადამიანი, ცდომილების მაჩვენებელი კი 4%-ია.
რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
უკრაინა ნატო-სგან უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადებას ითხოვს, რაზეც ალიანსი უარს ამბობს, მიიჩნევს რა, რომ ეს ომში პირდაპირ ჩართვას გამოიწვევს.
„ასეთი ნატო გვინდოდა? საწვავით ვერ გამოისყიდით ჩვენს სისხლს“ — ზელენსკი