ახალი ამბები

„ასეთი ნატო გვინდოდა? საწვავით ვერ გამოისყიდით ჩვენს სისხლს“ — ზელენსკი

5 მარტი, 2022 • 7344
„ასეთი ნატო გვინდოდა? საწვავით ვერ გამოისყიდით ჩვენს სისხლს“ — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა ნატო-ს გადაწყვეტილება, არ გამოაცხადოს უკრაინის ცა არასაფრენ ზონად.

„დღეს შედგა ნატო-ს სამიტი. სუსტი სამიტი, დაბნეული სამიტი. სამიტი, რომელიც აჩვენებს, რომ ევროპისთვის თავისუფლებისთვის ბრძოლას ყველა არ მიიჩნევს ნომერ პირველ მიზნად. ნატო-ს ქვეყნების ყველა სადაზვერვო სამსახურმა კარგად იცის [რუსეთის] გეგმები. მათ დაადასტურეს, რომ რუსეთს სურს, განაგრძოს შეტევა, როგორც შეუძლია. ცხრა დღეა, ჩვენ ვხედავთ მძიმე ომს — ანგრევენ ჩვენს ქალაქებს, ბომბავენ ჩვენს ხალხს, ჩვენს შვილებს, საცხოვრებელ ადგილებს, ეკლესიებს, სკოლებს… ანგრევენ ყველაფერს, რაც უზრუნველყოფს ნორმალურ ცხოვრებას, ადამიანურ ცხოვრებას და უნდათ, ასე გააგრძელონ. იცის რა, რომ ახალი დარტყმები და მსხვერპლი გარდაუვალია, ნატო-მ მიიღო გაცნობიერებული გადაწყვეტილება, არ დახუროს ცა უკრაინის თავზე“, — განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ნატო-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, თითქოს უკრაინის ცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას ნატო-ს წინააღმდეგ.

„ეს არის სუსტი, შინაგანად დაუცველი ადამიანების თვითჰიპნოზი, თუმცა ისინი ჩვენზე მრავალჯერ ძლიერ იარაღს ფლობენ. ადამიანებზე, ადამიანობაზე უნდა გეფიქრათ. და რაზე ფიქრობდით იმ შეხვედრაზე? ყველა ადამიანი, ვინც ამ დღიდან დაიღუპება, მოკვდება თქვენ გამოც, თქვენი სისუსტის გამო, თქვენი განხეთქილების გამო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ალიანსმა დღეს რაც შეძლო, 50 ტონა დიზელის საწვავის უკრაინისთვის შესყიდვა იყო.

„როგორც ჩანს, იმისთვის, რომ დავწვათ ბუდაპეშტის მემორანდუმი. უკეთ რომ დაიწვას. მაგრამ ჩვენთვის ის უკვე დაიწვა რუსული ჯარების ცეცხლში. განა, ასეთი ნატო გვინდოდა? ეს არის ალიანსი, რომელიც თქვენ ააშენეთ? დღეს ალიანსის ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინის ქალაქებისა და სოფლების შემდგომ დაბომბვებს, რადგან უარი თქვა არასაფრენი ზონის შემოღებაზე“, — განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ თქვა, რომ არ იცის, შეუძლია თუ არა ნატო-ს, ალიანსის წევრები მაინც დაიცვას.

„ლიტრობით საწვავით ვერ გამოისყიდით ჩვენს ლიტრ სისხლს, დაღვრილს ჩვენი საერთო ევროპისთვის, ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის, ჩვენი საერთო მომავლისთვის“, — განაცხადა ზელენსკიმ.

ამავდროულად, მან თქვა, რომ ნატო-ში ბევრი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც უკრაინას ყველაფრის მიუხედავად ეხმარება.

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას“, — დასძინა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

უკრაინა ნატო-სგან უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადებას ითხოვს, რაზეც ალიანსი უარს ამბობს, მიიჩნევს რა, რომ ეს ომში პირდაპირ ჩართვას გამოიწვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი