ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთისთვის დაწესებული სანქციები სომხეთზეც აისახება – რატომ შიშობენ სომხეთში

1 მარტი, 2022 • 8848
რუსეთისთვის დაწესებული სანქციები სომხეთზეც აისახება –  რატომ შიშობენ სომხეთში

ავტორი: ტიგრანუი მარტიროსიანი, ერევანი


სომხეთში შიშობენ, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ფართომასშტაბიანი ომის გამო მსოფლიოს მიერ დაწესებული სანქციები არა მხოლოდ უშუალოდ რუსეთზე, სომხეთზეც აისახება – ქვეყანაზე, რომელმაც, მართალია, “კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების” სურვილი გამოთქვა, მაგრამ ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა ევროპის საბჭოში, რომელმაც ორგანიზაციაში რუსეთის წევრობის შეჩერების წინააღმდეგ მისცა ხმა. 

სომხეთში ეკონომისტები ჯერ არ ჩქარობენ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო სომხეთის მოსალოდნელი ეკონომიკური ზარალის ოდენობის შეფასებას და “ომის დასრულებას ელოდებიან”, თუმცა, ცხადია ერთი, რომ ქვეყანაზე ნეგატიური გავლენები გარდაუვალია, ვინაიდან რუსეთი არის სომხეთის ძირითადი სავაჭრო პარტნიორი, როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის კუთხით.

ეკონომისტ არმენ კტოიანის განმარტებით,  შესაბამისად, გარდაუვლია, რომ ორივეს მოცულობა შემცირდება.

რუსეთი სომეხი ბიზნესებისთვის ნომერ პირველი ბაზარია პროდუქციის ექსპორტისთვის. მხოლოდ წინა წელს სომხეთიდან ექსპორტირებული იყო 847 მილიონი აშშ დოლარის საქონელი, რაც 2020 წლის ექსპორტის მაჩვენებელს 20%-ით აჭარბებს. 

ასევე, ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს რუსეთიდან სომხეთში იმპორტირებული იყო 1 მილიარდ 882 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი –  20%-ით მეტი 2020 წლის მონაცემზე. 

“პირველ რიგში, სომხეთში დაზარალდებიან მეწარმეები. შესაძლოა, რუსეთში მსყიდველუნარიანობა შემცირდეს, ადამიანები ნაკლებად ივაჭრებენ, რადგანაც რუბლის დევალვაციის პირობებში დაიწყება ინფლაცია და ,შესაბამისად, სომხურ პროდუქციაზე მოთხოვნაც შემცირდება”, – ამბობს ის. 

მეორე მხრივ, რუბლის დევალვაციის შედეგად სომხეთში რუსულ პროდუქციაზე ფასები დაეცემა, ეს კი ნიშნავს იმას, რომ სომეხი მეწარმეების პროდუქცია არაკონკურენტუნარიანი იქნება, არ გაიყიდება და ბიზნესი დაზარალდება.

რუსული რუბლის დევალვაცია ნეგატიურად აისახება რუსეთიდან სომხეთში ფულად გადარიცხვებზეც.

“ეს  აისახება ფულად გადმორიცხვებზეც, რადგან რუსეთი სომხეთისთვის რუსეთი ნომერ პირველი ბაზარია. სომხები რუსეთის ქალაქებში მიდიან სამუშაოდ და ამ გზით არჩენენ სომხეთში დარჩენილ ოჯახებს”, – განმარტავს ეკონომისტი თადევოს ავეტისიანი. 

ექსპერტი არმენ კტოიანი იხსენებს, რომ 2014 წელს, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიის გამო სანქციები დაწესდა, რუსეთიდან სომხეთში მნიშვნელოვნად შემცირდა ფულადი გადარიცხვები. 

დღეს სომხეთში მხოლოდ საბანკო სისტემის გავლით 1,5 -1,7 მილიარდი აშშ დოლარი შედის, 2015 წლიდან ეს მაჩვენებელი 500-700 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. 

“ყველა ეკონომიკური არასტაბილურობა რუსეთში სერიოზულ ეგავლენას ახდენს ჩვენზეც. თუკი ეს ფულად ტრანსფერებზე ისევ აისახება, მაშინ სომეხი მომხმარებლის შემოსავალი შემცირდება, ნაკლები ფული დაიხარჯება და ბრუნვაც შემცირდება”,- ამბობს კტოიანი.

ექსპერტების აზრით, თუ ომი უკრაინაში დიდხანს გაგრძელდება, ეს სომხეთის ტურიზმის სფეროზეც აისახება. ოფიციალური მონაცემებით, ტურისტების 40%, რომლებიც სომხეთში 2021 წელს ჩამოვიდნენ, იყვნენ რუსები, ომი ცალსახად შეამცირებს მათ რაოდენობას 2022 წელს.

“გაზაფხულზე და ზაფხულში სომხეთი განსაკუთრებით მომხიბვლელია რუსი ტურისტებისთვის. თუ ომი გაგრძელდება, საჰაერო საზღვრები ჩაიკეტება და ტურისტიც ვეღარ ჩამოვა. შედეგად დაზარალდება სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესიც”, – ამბობს ავეტისიანი. 

კიდევ ერთი გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას დღეს სომხეთი, ეს საბანკო სისტემაა, ვინაიდან რუსეთის SWIFT (Society for Worldwide Interbank Financial Telecommunication)-იდან გათიშვა გავლენას იქონიებს სომხეთში უცხოურ ვალუტაში გადარიცხვებზე – ყველა მსხვილი ბრუნვა რუსეთსა და სომხეთს შორის აშშ დოლარში მიმნდინარეობდა.

რუსული რუბლის გაუფასურების პარალელურად, უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში უფასურდება სომხური დრამიც, რადგან მოქალაქეებმა უკანასკნელ  დღეებში სულ უფრო მეტი უცხოური ვალუტის შესყიდვა დაიწყეს. დღეს 1 აშშ დოლარი 500-ზე მეტი დრამი ღირს, თუმცა რამდენიმე დღის წინ ეს მაჩვენებელი 480-ს დრამს შეადგენდა.

სომხეთი, 2022 3 მარტი, ფოტო: ნეტგაზეთი

როგორ უნდა გამოვიდეს სომხეთი შექმნილი სიტუაციიდან მინიმალური დანაკარგებით, აქ ეკონომისტები თანმხდებიან იმაზე, რომ სომხეთის ეკონომიკა იმდენად არის დამოკიდებული რუსეთის ეკონომიკაზე, ზარალის შერბილება შეუძლებელი იქნება. 

ამასთან, ექსპერტების აზრით, სომხეთის ხელისუფლებას შეუძლია პრევენციული ზომების მიღება. მათი აზრით, ხელისუფლება რუსული ბაზრის ალტერნატივას მოკლე დროში ვერ იპოვის, თუმცა შეუძლია, ბიზნესს სიტუაციის დასტაბილურებამდე საკრედიტო შეღავათები დაუწესოს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი