ახალი ამბები

კიევის ცნობით, მოსკოვმა მოთხოვნები შეამცირა, კრემლი უარყოფს

4 მარტი, 2022 • 2525
კიევის ცნობით, მოსკოვმა მოთხოვნები შეამცირა, კრემლი უარყოფს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებზე რუსებმა დენაციფიკაციაზე საუბარი შეწყვიტეს, კრემლში კი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ.

UNIAN-ის ცნობით, არესტოვიჩმა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ რუსები მოთხოვნებს ეტაპობრივად ამცირებენ.

არესტოვიჩის თქმით, რუსმა მომლაპარაკებლებმა ამჟამად საუბარი უკრაინის უბლოკო სტატუსზე დაიწყეს.

„მათ შეწყვიტეს დენაციფიკაციაზე და ა.შ. ლაპარაკი და დაიწყეს უბლოკო სტატუსზე საუბარი. დიდად არც ამაზე აქცენტირებდნენ“, – აცხადებს არესტოვიჩი.

ამასთან, არესტოვიჩის თქმით, მოთხოვნების შემცირება იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის ფედერაციას ესმის, მათი პოლიტიკური მიზნების სამხედრო გზით მიღწევა შეუძლებელია.

მისივე თქმით, გუშინ, 3 მარტს, გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეები თეორიულად შეთანხმდნენ ჰუმანიტარული დერეფნებზე.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთს უარი არ უთქვამს უკრიანის დენაციფიკაციის მიზანზე და კიევთან მოლაპარაკებებში ამ მოთხოვნიდან უკან არ დაუხევია.

განახლება: ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთთან მოლაპარაკებების ერთ-ერთი მონაწილე, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია. მისი თქმით, არავის აქვს იმის მანდატი, რომ რუსეთთან მოლაპარაკების პროცესთან დაკავშირებით პოზიცია გამოხტოს.

„ჩვენ მაშინვე, როგორც კი მივედით, პირველივე შეხვედრაზე მოვილაპარაკეთ: ვმუშაობთ მკაცრად. არავითარი შეტყობინებები პრესას. ფოტოებს ვიღებთ დასაწყისში, შემდეგ ყველა ტოვებს მოლაპარაკებების ადგილს. და ამის შემდეგ რაუნდის ბოლოს, ვაკეთებთ მცირე კომუნიკეს“, – განაცხადა არახამიამ.


24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინი ირწმუნება,  „რუსეთის გეგმებში უკრაინის ოკუპაცია არ შედის“.

„ჩვენ შევეცდებით უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას. ჩვენს გეგმებში არ შედის უკრაინის ოკუპაცია, ჩვენ არავის არაფერს არ ვაიძულებთ. მინდა მივმართო ჩვენს სამხედრო ძალებს, ვინც არ უნდა შეუქმნას საფრთხე რუსეთს, პასუხი იქნება დაუყოვნებლივი. არავის არ უნდა ჰქონდეს, ეჭვი, რომ რუსეთზე პირდაპირი თავდასხმა გამოიწვევს დამარცხებასა და საშინელ შედეგებს პოტენციური აგრესორისთვის“, — თქვა პუტინმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი