ახალი ამბები

ქართველი მეზღვაურის განმარტება, რატომ უთხრა უარი რუსულ გემს საწვავის მიწოდებაზე

4 მარტი, 2022 • 22599
ქართველი მეზღვაურის განმარტება, რატომ უთხრა უარი რუსულ გემს საწვავის მიწოდებაზე

ქართვეული მეზღვაური, რომელმაც რუსული დროშის ქვეშ მცურავ გემს საწვავის მიწოდებაზე უარი უთხრა, აცხადებს, რომ გემი უსაფრთხოდ იყო, მისი გადაწყვეტილება კი პროტესტის გამოხატვას წარმოადგენდა. ამის მეზღვაურმა ფეისბუქზე განმარტება გუშინ, 3 მარტს გამოაქვეყნა.

“დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ჩემი ეკიპაჟი რუსული დროშით მცურავ გემს საწვავის მიწოდებაზე უარს ეუბნება.

მიუხედავად გამოწვევებისა, გადაწყვეტილება, რომ უარს ვამბობდი რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ყველა გემის მომსახურებაზე, გარდა გადაუდებელი საჭიროებისა, 4 დღის წინ მივიღე. ეს იყო ჩვენი მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმა, ის მცირედი, რაც ამ სიტუაციაში შეგვეძლო გაგვეკეთებინა რუსული აგრესიის გასაპროტესტებლად.

დღეს კი უკვე საზღვაო სფეროშიც ბრიტანეთმა, აშშ-მა, ევროპამ და მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთის სახელმწიფოსთან აფილირებულ ყველა კომპანიას სანქციები დაუწესეს.
მე, როგორც ადამიანს/მეზღვაურს, ვალდებულება მაკისრია ზღვაში თუ ხმელეთზე დავეხმარო ნებისმიერს, ვისაც უჭირს. რუსეთის გემი კი უსაფრთხოდ იდგა ღუზაზე.

რა სიმბოლურია როდესაც საზღვაო სფეროში ღუზა იმედის სიმბოლოდ მიიჩნევა”, – წერს მეზღვაური.

აღნიშნული ვიდეო რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მას წინ უძღოდა კუნძულ ზმეინზე გაკეთებული ჩანაწერის გავრცელება, სადაც რუსული მხარე უკრაინელ ჯარისკაცებს დანებებას სთავაზობს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავდასხმით ემუქრება, რაზეც უკრაინელები პასუხობენ: “რუსულო ხომალდო, იდი ნახუი”. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუნძულ ზმეინზე მყოფი 13 ჯარისკაცი დაბომბვის შედეგად დაიღუპა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე მათგანი გადარჩა.

მასალების გადაბეჭდვის წესი