რუსეთის ერთ-ერთმა უკანასკნელმა დამოუკიდებელმა ტელეკომპანიამ მაუწყებლობა დროებით შეაჩერა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც “დოჟდი” სახელმწიფოს მხრიდან მზარდი ზეწოლის ქვეშ მოექცა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის კრიტიკული გაშუქების გამო.
“არა ომს” — თქვა “დოჟდის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნატალია სინდეევამ 3 მარტის საღამოს, რის შემდეგაც ჟურნალისტებმა საეთერო სტუდია დატოვეს, ეთერში რუსი კომპოზიტორის, პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტი “გედების ტბა” გავიდა.
“გედების ტბას”, საბჭოთა წარსულის კონტექსტში, სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: 80-იან წლებში მას ისეთი მოვლენების დროს უშვებდნენ ეთერში, როგორიცაა, მაგალითად, საბჭოთა ლიდერების გარდაცვალება, სანამ ამის შესახებ ოფიციალურად აცნობებდნენ მოსახლეობას.
საბჭოთა ტელევიზიამ ხსენებული ბალეტი გაუშვა 1991 წლის 9 აგვისტოსაც, საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე, როცა მიხეილ გორბაჩოვის ჩამოგდების მიზნით სამხედრო გადატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი და მოსკოვში ტანკები გადაადგილდებოდნენ.
ხსენებული გადატრიალება წარუმატებლად დასრულდა, თუმცა აღნიშნულმა მოვლენამ წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის დაშლაში, რომელიც ოფიციალურად იმავე წლის 26 დეკემბერს გამოცხადდა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ „დოჟდი“ რუსეთის „ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერაციულმა სამსახურმა“, Роскомнадзор-მა დაბლოკა ომის გაშუქების გამო.
ჟურნალისტების ნაწილს უსაფრთხოების რისკების გამო რუსეთის დატოვება მოუწია.
მომდევნო დღეს, 4 მარტს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ,ერთხმად [401 ხმა], მეორე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც “რუსული არმიის შესახებ ფეიკ ინფორმაციის გავრცელებისთვის” რუსეთის მოქალაქეებს 15- წლიანი პატიმრობით ემუქრება.
რუსეთში უკვე დაბლოკეს კიდევ ორი თავისუფალი მედიასაშუალება – Radio Liberty (Radio Svoboda) და Meduza. ამასთანავე, შეიზღუდა წვდომა BBC-ის რუსულ ბიუროზე. პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ დაიხურა რადიო „ეხო მასკვი“.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა სეპარატისტული რეგიონების — ლუგანსკისა და დონეცკის — აღიარება.
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.
რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს ღიად, სოციალურ ქსელებში ან მედიით აკრიტიკებენ, რუსეთის ხელისუფლების მიერ იდევნებიან.