ახალი ამბები

რა მოხდა გასულ ღამეს უკრაინაში — მოკლედ

4 მარტი, 2022 • 4062
რა მოხდა გასულ ღამეს უკრაინაში — მოკლედ

უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიის ატომურ სადგურზე შუაღამისას გაჩენილ ხანძარს საერთაშორისო ლიდერთა გამოხმაურება მოჰყვა, რუსეთის ძალები კი ქალაქ მარიუპოლს უახლოვდებიან. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, ადგილზე არ დაფიქსირებულა რადიაციის მატება და ამ წუთისთვის საფრთხე არ არსებობს.

აქ ნახავთ, 4 მარტის მონაცემებით, რა მოხდა გასულ ღამეს:

  • სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ ზაპოროჟიის ატომურ სადგურზე ცეცხლი გაჩნდა მას შემდეგ, რაც ტერიტორია რუსეთის ძალებმა დაბომბეს. უკრაინელებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს.
  • უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ხსენებულ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია და ცეცხლი მოედო არა უშუალოდ რეაქტორებს, არამედ ახლომდებარე ხუთსართულიან სასწავლო ცენტრს.
  • უკრაინის პრეზიდენტი სხვა ქვეყნების ლიდერებს ესაუბრა და მოუწოდა, სასწრაფოდ მიიღონ ზომები პუტინის “ბირთვული ტერორის” წინააღმდეგ. საუბარი შედგა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან.
  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ევროპას, “გამოიღვიძოს. მისი თქმით, რუსეთს 1986 წელს ჩერნობილში მომხდარი კატასტროფის გამეორება სურს.
  • უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, ბელარუსმა სამხედროებმა უკრაინაზე თავდასხმის ბრძანება მიიღეს. კერძოდ, გენშტაბის თანახმად, უკრაინა-ბელორუსიის საზღვართან, ბელარუსის ტერიტორიაზე, მობილიზებულია ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 38-ე საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფი.
  • რუსეთი კვლავ ცდილობს წინსვლას და ააქტიურებს საბრძოლო მოქმედებებს უკრაინის სამხრეთში. მას შემდეგ, რაც ქალაქი ხერსონი დაიკავა, ის საპორტო ქალაქ მარიუპოლს უახლოვდება.
  •  ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინაში „გეგმის მიხედვით მიდის“. საპასუხოდ, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია „გეგმას ჩამორჩება“.
  • შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ხუთშაბათს აღმოსავლეთ ევროპაში გაემგზავრა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ნატოს მოკავშირეებთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად.
  • რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინა მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. რუსეთი და უკრაინა 3 მარტის მოლაპარაკებებისას შეთანხმდნენ, რომ მოეწყობა “ჰუმანიტარული დერეფნები” მოქალაქეთა ევაკუაციის მიზნით.

რუსებმა ზაპოროჟიას ატომური სადგური დაიკავეს — უკრაინა

მასალების გადაბეჭდვის წესი