ახალი ამბები

4 მარტს ზელენსკი ქართველებს მიმართავს, ეკრანი პარლამენტის წინ დამონტაჟდება – საღინაძე

3 მარტი, 2022 •
4 მარტს ზელენსკი ქართველებს მიმართავს, ეკრანი პარლამენტის წინ დამონტაჟდება – საღინაძე

ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი ირაკლი საღინაძე აცხადებს, რომ პარასკევს, 4 მარტს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ეთერში მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს.

„ხვალ, 20:00 საათზე, ვოლოდიმირ ზელენსკი მოგვმართავს ქართველებს ლაივში დიდი ეკრანიდან, რომელიც დაიდგმება პარლამენტის შენობის წინ. დავანახოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინის პრეზიდენტს და უკრაინელ ხალხს“, – წერს საღინაძე ფეისბუკზე.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში ის ამბობს, რომ ეკრანი თბილისის გარდა 4 ქალაქში იქნება დაყენებული.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, – დეტალებზე საუბარს აზრი არ აქვს, – და შეთანხმება შედგა. სურვილი, თავის მხრივ, უკრაინელების მხრიდანაც იყო და ჩვენი მხრიდანაც და, შესაბამისად. მოხდა ამის ტექნიკურად უზრუნველყოფა“, – გვითხრა მან.

მისი თქმით, მას ამ საკითხში როლი არ ჰქონია, უბრალოდ ფლობს აღნიშნულ ინფორმაციას.


განახლება: „ფორმულას“ ცნობით, სხვა ქალაქები, რომელთაც ზელენსკი მიმართავს, იქნება ფრანკფურტი, პრაღა, ლიონი, ბრატისლავა, ვენა და ვილნიუსი

მასალების გადაბეჭდვის წესი