უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩასვლას 16 000 უცხოელი მოხალისე აპირებს. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა 3 მარტს, მორიგი მიმართვისას ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, უკრაინა ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ იარაღს იღებს თავისი პარტნიორებისგან, “ნამდვილი მეგობრებისგან”.
“ჩვენ აღვადგენთ ყოველ სახლს, ყოველ ქუჩას, ყოველ ქალაქს და ვეუბნებით რუსეთს: ისწავლეთ სიტყვა „რეპარაციები“ და „შეწირულობა“… თქვენ აანაზღაურებთ ყველაფერს, ყველაფერს, რაც გააკეთეთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ყველა უკრაინელის წინააღმდეგ – სრულად”, — დასძინა მან.
მანამდე ზელენსკიმ განაცხადა საერთაშორისო ლეგიონის შექმნის შესახებ იმ უცხოელთათვის, რომელთაც უკრაინის დაცვა სურთ.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.
უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა სეპარატისტული რეგიონების — ლუგანსკისა და დონეცკის — აღიარება. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.
გაეროს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.