ახალი ამბები

რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ EU-ში განაცხადის პარალელურად — NGO-ების შეთავაზება

3 მარტი, 2022 • 1280
რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ EU-ში განაცხადის პარალელურად — NGO-ების შეთავაზება

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენისთვის მზაობას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროინტეგრაციის დიდ გზაზე.

არასამთავრობოებს, რომელთაც დღეს, 3 მარტს, ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, მიაჩნიათ, რომ დღეს ევროინტეგრაციის პროცესის სახე უნდა გახდეს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ აუცილებელია უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის რიტორიკის შეცვლა, ამისთვის საჭიროდ კი ასახელებენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დროებით მაინც „გვერდზე გადგომას“.

ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ქეთი ხუციშვილის თქმით, წევრობაზე განაცხადის წარდგენა დიდი და რთული გზის მხოლოდ დასაწყისია და  ამ გზაზე მთელმა ქვეყანამ, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ, ერთად უნდა გაიაროს.

მისი თქმით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველომ, რომელმაც ბოლო წლებში რეგრესი განიცადა ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, პირველ რიგში, სწორედ ამ რეფორმებს მიხედოს.

ხუციშვილი იმ ნაბიჯებს ასახელებს, რაც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას:

  1. ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს. იქ არის სწორედ რეფორმების ნაწილი საკმაოდ მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რომელიც ქვეყანას აუცილებლად დასჭირდება ევროინტეგრაციის გზაზე;
  2. ხელისუფლების მხრიდან უკრაინასთან სასწრაფოდ ურთიერთობის გამოსწორება. იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა ძალიან ნათლად გამოხატა თავისი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინელი ხალხისადმი, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ასეთი ნათელი გზავნილი არ ყოფილა და შედეგიც ვიცით. ჩვენ თუ განაცხადს ვაკეთებთ, ეს ერთად უნდა გააკეთონ ასოცირებულმა ტრიომ – საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ. სამივე ვართ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და სამივე ქვეყანას გვაქვს ოკუპირებული მიწები და ამიტომ ერთად უნდა მივმართოთ ევროკავშირს, რომ მზად იყოს მიგვიღოს.
  3. საჭიროა, ხელისუფლებაში საგანგებო სტრუქტურა შეიქმნას, რომელიც ამაზე იმუშავებს;
  4. მიგვაჩნია, ყველაზე მისაღებია, ამ პროცესის სახე გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. შესაძლოა, მისმა ოფისმა სრულად წარმართოს ეს საქმიანობა, მაგრამ სწორედ აღმასრულებელ ხელისუფლებაში შექმნილი საგანგებო სტრუქტურა უნდა დაეხმაროს პრეზიდენტს ამ ფუნქციის განხორციელებაში. ყველას კარგად გვესმის, რომ დღეისთვის საქართველოს ხელისუფლებიდან პრეზიდენტი ყველაზე უფრო მისაღები ფიგურაა ევროპისათვის.

„რა თქმა უნდა, ეს გზა ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიაროთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპაც სერიოზულად მიუდგება ჩვენს განაცხადს. ასევე მინდა მივმართო პოლიტიკურ ოპოზიციასაც, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ან მეორე ხელისუფლების არჩევანი, ეს არის მთელი საქართველოს არჩევანი. ამიტომ ამ პროცესში პოლიტიკური ოპოზიციაც ძალიან აქტიურად და ინტენსიურად უნდა ჩაერთოს“, – განაცხადა ხუციშვილმა.


გუშინ, 2 მარტს, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს 2024 წლის ნაცვლად  3 მარტს შეიტანს.

რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში მყოფმა უკრაინამ 28 თებერვალს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი შეიტანა.

გუშინ, 1 მარტს, ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის განაცხადთან დაკავშირებით შექმნილია „ემოციური აჟიოტაჟი“; მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რომლებმაც უთხრეს, რომ ევროპული პერსპექტივის შეთავაზება „რელევანტურია უკრაინისთვის და არა — საქართველოსთვის და მოლდოვისთვის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი