ახალი ამბები

„ოცნება“ ენმ-ს და უკრაინის ხელისუფლების წევრებს საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებს

2 მარტი, 2022 • 1932
„ოცნება“ ენმ-ს და უკრაინის ხელისუფლების წევრებს საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ შეფასებით, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ, გაუმართლებელთან ერთად, სრულიად ალოგიკურია მრავალი მიზეზის გამო.

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველომ ქმედითი ნაბიჯებით გამოხატა პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ყველა შესაბამის პლატფორმაზე: ევროსაბჭოში, გაეროში, ეუთოში, ხოლო უკრაინას არ გაუწვევია ელჩები იმ ქვეყნებიდანაც კი, რომლებმაც აღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის სასარგებლო პოზიცია დააფიქსირეს.

„მაგალითად, უკრაინას არ გაუწვევია ელჩი ქვეყნებიდან, რომლებმაც რუსეთისთვის ევროსაბჭოს წევრის სტატუსის შეჩერებას არ დაუჭირეს მხარი, ან გაეროს რეზოლუციის თანასპონსორობაზე თქვეს უარი. თუ ელჩის გაწვევის მიზეზი სანქციების არდაწესება იყო, სანქციების დაწესებაზე უარი თქვა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის მოლდოვამ, თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ისრაელმა და სხვა. თუ ელჩის გაწვევის მიზეზი საქართველოს მთავრობის მონაწილეობით უკრაინაში მოხალისეების არგაგზავნა იყო, შეგახსენებთ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება არაერთმა ქვეყანამ მიიღო, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და სხვა. თუმცა არც ეს გადაწყვეტილება გამხდარა შესაბამისი ქვეყნებიდან უკრაინის ხელისუფლების მიერ ელჩის გაწვევის მიზეზი.
ალოგიკურობის კულმინაციაა ის ფაქტი, რომ უკრაინის ხელისუფლებას ელჩი დღემდე არ გაუწვევია ბელარუსიდანაც კი, როდესაც რუსეთი აღნიშნული ქვეყნის ტერიტორიას სამხედრო ინტერვენციისთვის იყენებს“, — განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, აშკარაა ორმაგი სტანდარტი, რომელსაც „თავისი ახსნა უნდა ჰქონდეს“.

„ისიც ალოგიკურია, რომ ომში ჩართული ქვეყნის ხელისუფლების ლიდერებს ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება შეიძლება ესახებოდეთ. აშკარაა კოორდინირებული მცდელობა, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია საქართველოდან ხორციელდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, რომელსაც, როგორც ყველასთვის ცნობილია, მრავლად ჰყავს თავისი წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის, პრეზიდენტის უშუალო გარემოცვაშიც. დავით არახამია, პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თავადაც აღნიშნა, მისი „დაფრთიანებულია“. უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებენ ყოფილი გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სხვა ქართველი კრიმინალები. თავად მიხეილ სააკაშვილიც დღემდე რჩება რეფორმების საბჭოს ფორმალურ ხელმძღვანელად. ასეთ პირობებში, მათ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა, ბუნებრივია, მარტივად შეუძლიათ. სამწუხაროა, რომ ამგვარი ქმედებებით ეს ადამიანები დამატებით პრობლემებს უქმნიან ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ უკრაინას და მის ხელისუფლებას“, — განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საჯაროდ ვერ ბედავენ და გაურბიან პოზიციის დაფიქსირებას იმასთან დაკავშირებით, უნდა ჩაერთოს თუ არა საქართველო სამხედრო კონფლიქტში, ან უნდა დააწესოს თუ არა საქართველომ სანქციები, და ფარული მცდელობით კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ როგორც 2008 წელს, ახლაც „მტრობენ და ღალატობენ ქვეყანას“.

„საქართველოს ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ აჰყვება მოღალატეების სცენარს და არ ჩართავს ქვეყანას სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს, ასევე არ დააწესებს სანქციებს, რომლებიც რუსეთს ჩვენი მხრიდან ვერავითარ პრობლემას ვერ შეუქმნის, მაგრამ ჩვენს მოსახლეობას ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას უკიდურესად დაუმძიმებს“, — განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველო განაგრძობს უკრაინელი ხალხის და უკრაინის სახელმწიფოს პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას.

„ჩვენი პოზიცია უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით იქნება ურყევი. საქართველო მაქსიმუმს გააკეთებს უკრაინელი ხალხისთვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. ჩვენთვის უკრაინა არის არა მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე ან დავით არახამია, არამედ, პირველ რიგში, უკრაინელი ხალხი, რომელიც იმსახურებს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. ამ პრინციპების დასაცავად, საქართველო, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმუმს აკეთებს და გააკეთებს“, — დასძინა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია და ამის მიზეზად „მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიცია“ დაასახელა.

ღარიბაშვილისა და „ოცნების“ ანტიუკრაინული ქმედებები ომის დაწყების შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი