პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე ევროპიდან „რაღაც სიგნალებს“ იღებენ, რომელიც შეიძლება წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების დასაჩქარებლად იქნას გამოყენებული.
სამხარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადის გაკეთება 2024 წელს ჰქონდა დაგეგმილი, ახლა სიტუაცია შეიცვალა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე.
„უკრაინას უცხადებენ სოლიდარობას და ეს არის სოლიდარობის აქტი, რაც ევროპარლამენტმა გააკეთა გუშინ. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით მსჯელობას ევროპულ საბჭოში, რომელიც არის 27 ქვეყნის პრემიერ- მინისტრის და პრეზიდენტის ორგანო და 27- ვე ქვეყანამ ერთხმად უნდა დაუჭიროს მხარი ამ სტატუსის მინიჭებას ან არმინიჭებას. აქედან გამომდინარე, მერე ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რა სურათი შეიქმნება.
თუმცა, ნურავის ექნება ილუზია, რომ დღეს უკრაინა, საქართველო ან მოლდოვა მზად არის წევრობისთვის. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. უბრალოდ, ჩვენ ამ გართულებული ვითარების და რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინაში ვიღებთ ევროპიდან რაღაც სიგნალებს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ სტატუსის მიღების დასაჩქარებლად. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სიგნალებზე პასუხია რეზოლუცია. იმიტომ, რომ ხალხის წარმომადგენელი არის პარლამენტი და ჩვენ გვინდა გავაგონოთ ხალხის ხმა ევროკავშირს, რომ ქართველი ხალხი ასევე მომხრეა, საქართველომ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი“, – განაცხადა სამხარაძემ.
ამასთან, სამხარაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტში ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ დარეგისტრირებული რეზოლუცია შეგვიძლია „მიღებულად ჩავთვალოთ“, რადგან უმრავლესობის დარეგისტრირებულია და მისი ოფიციალურად გაფორმება მხოლოდ ტექნიკური მხარეა.
უკრაინამ, 28 თებერვალს ბელარუსში რუსულ მხარესთან მოლაპარაკების პარალელურად, ევროკავშირს ოფიციალურად მიმართა გაერთიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად.
გუშინ , პირველ მარტს ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის ტექსტის მიხედვით, ევროპარლამენტი გმობს რუსეთისა და ბელარუსის ქმედებებს უკრაინაში და ევროკავშირს მოუწოდებს სანქციების გამკაცრებისკენ.
მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუციებს, დაიწყონ მუშაობა, რათა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს და ამ მიზნით გაგრძელდეს მუშაობა ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით. აღნიშნული რეზოლუცია ევროპარლამენტმა 676 ხმით 13-ის წინააღმდეგ მიიღო.
რაც შეეხება საქართველოს, მთავრობის დეკლარირებული პოზიციაა, რომ EU-ში გაწევრიანების განაცხადს 2024 წელს აპირებს.
გუშინ საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის ევროპასთან ინტერგაციის კომმიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია დარეგისტრირდა.
რეზოლუციით პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, საქართველოს სათანადოდ მოსამზადებლად ევროკავშირის წევრობისთვის.
ამასთან, რეზოლუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, „ევროკავშირის ხელშეკრულების“ 49-ე მუხლის საფუძველზე ევროპული პერსპექტივის შესაბამისად, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.