ახალი ამბები

“მხოლოდ მშვიდობისთვის ლოცვას აპირებთ?”- უკრაინელი კაცის მიმართვა რუსებს

2 მარტი, 2022 • 1787
“მხოლოდ მშვიდობისთვის ლოცვას აპირებთ?”- უკრაინელი კაცის მიმართვა რუსებს

“დღეს რუსულად მოგმართავთ. ვიღაც იტყვის, რომ შიშის გამო. დიახ, მე მეშინია. შვილიშვილი მყავს, გოგონა, ულამაზესი, ოქროსფერი თმით და მწვანე თვალებით. უზომოდ მიყვარს. მას თუ რამე დაემართა, მგონია, რომ ამას ვერ გადავიტან. ამიტომაც მინდა რამე გავაკეთო მისი უსაფრთხოებისთვის. რისი გაკეთება შემიძლია? შემიძლი ვილოცო, რაც უკვე გავაკეთე. შეშის ღუმელს დავანთებ, რომ ის ხალხი გავათბო, ვინც საკუთარ სახლში შევიფარე. კიდევ შემიძლია სანგრები გავთხარო. კიდევ რამდენიმე სიტყვის თქმა მინდა რუსულად მათთვის, ვისაც ეს ენა ესმის, თქვენც შეგიძლიათ რაღაც გააკეთოთ.

ბევრი მეგობარი მყავს რუსეთში, დასავლეთ ევროპაში, რომელსაც ესმის რუსული. დღეს მივდივარ სანგრების სათხრელად და თქვენ რის გაკეთებას აპირებთ დილიდან, უბრლოდ ახალი ამბების ყურებას? ნერვიულობას და ლოცვას უკრაინაში მშვიდობისთვის? ეს არ არის სერიოზული. თქვენც შეგიძლიათ რაღაცის გაკეთება, ვინმესთვის თქმა, რომ უკრაინელი ერის სიცოცხლე დღეს საფრთხეშია. ჩვენი განადგურება მხოლოდ იმიტომ უნდათ, რომ უბრალოდ უკრაინელები ვართ. ჩვენ ცუდი არავისთვის გაგვიკეთებია. დიახ, არ ვართ წმინდანები, მაგრამ ჩვენ სხვის ტერიტორიები არ მიგვიტაცებია. ღმერთმა ამ მიწაზე მოგვავლინა. და თუ ის ჩვენს სიკვდილს დაუშვებს, მაშინ ბედნიერები იქნებით, რომ გაჩუმდით? იქნებ ისე მოხდეს, რომ ეს ვიდეო პუტინის გარემოცვაშიც მოხვდეს. უბრალოდ მინდა ვკითხო მათ, თუ ჩემს ლამაზ შვილიშვილს, ოქროსფერთმიანს და მწვანეთვალებას, რამე დაემართა, მშვიდად შეძლებთ ძილს? მე ვერ შევძლებდი. შეიძლება დიდსულოვანმა ღმერთმა გაპატიოთ, სამხედროებს აპატიოს, მაგრამ თქვენ პატიების თხოვნა მოგიწევთ ჩემი შვილიშვილისთვის. ის იკითხავს, მე ხომ არაფერი დამიშავებია, რატომ მომკლეს? ეს ყველაფერი ხომ არ ხდება შემთხვევით, თქვენ დივერსანტები შემოაგმოგზავნეთ ჩვენს ქვეყანაში, ისინი თავაზიანად გვიღიმოდნენ, ჩვენს ბორშს მიირთმევდნენ, ახლა კი ჩვენს სახლებს აფეთქებენ, ჩვენს ხალხს კლავენ. ამიტომ გელაპარაკებით დღეს რუსულად, რომ უკეთ გაიგოთ, რა ხდება აქ და იმედია, არ გაჩუმდებით”.

უკვე მე-7 დღეა, რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.

ომი უკრაინაში — მე-7 დღე რუსეთის შეჭრიდან [განახლებადი]

მასალების გადაბეჭდვის წესი