ახალი ამბები

ოპოზიციის და სხვა ჯგუფების სამი მოთხოვნა მთავრობას

1 მარტი, 2022 • 2165
ოპოზიციის და სხვა ჯგუფების სამი მოთხოვნა მთავრობას

პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ჯგუფები სამ მოთხოვნაზე შეთანხმდნენ, რომელსაც მთავრობას უყენებენ. ამის შესახებ მან დღეს, 1 მარტს უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ პუნქტების შესრულების მოთხოვნით ისინი საპროტესტო აქციებს იწყებენ. ოპოზიციის მოთხოვნებია:

  1. გადადგეს მთავრობა
  2. საქართველო დაეხმაროს უკრაინას
  3. საქართველომ შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე რაც შეიძლება მალე

“ქართული ოცნება ჩვენ არ წარმოგვადგენს, ამიტომ უპირველესი მოთხოვნა მისი წასვლაა და ის სირცხვილი, რომელიც მან საქართველოს მოსცხო, ჩვენს ისტორიას და ჩვენს მომავალს, ჩვენი ჩამოსარეცხია და ის აუცილებლად უნდა წავიდეს. ის აღარ უნდა წარმოადგენდეს ჩვენს ღირსეულ ხალხს.

ჩვენ უნდა გადავიდეთ ქმედით და კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომ დავეხმაროთ უკრაინას და რეალურად ვიყოთ მათი სოლიდარულები. დავუხუროთ ცა რუსეთს, გავუხსნათ ცა უკრაინას.

დღეს უკრაინამ საკუთარი მსხვერპლით, მსხვერპლით, რომელიც 5 ღამეა ყველას გვატირებს, გახსნა შესაძლებლობები, რომ ჩვენც, ყველა ერთად გავხდეთ თავისუფალი ევროპის ნაწილი და ეს შესაძლებლობა, რომელიც გვესიზმრებოდა და ესიზმრებოდა ჩვენს წინაპრებს, დღეს დევს მაგიდაზე და ეს უგუნურები ამბობენ, რომ არ უნდათ”, – განმარტა ხოშტარიამ სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ოპოზიცია მოთხოვნებთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმასაც წარადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი