ახალი ამბები

“ვიფიქროთ საპარლამენტო დელეგაციაზე, რომელიც ბრიუსელში ჩავა” – უსუფაშვილი პაპუაშვილს

1 მარტი, 2022 • 1246
“ვიფიქროთ საპარლამენტო დელეგაციაზე, რომელიც ბრიუსელში ჩავა” – უსუფაშვილი პაპუაშვილს

პარლამენტის უფრაქციო წევრმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა, რომ “იფიქრონ” საპარლამენტო დელეგაციაზე, სადაც ოპოზიციაც და ხელისუფლებაც გაერთიანდება. მისი თქმით, საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში უნდა ჩავიდეს.

“ახლა ჩვენი საკითხის განხილვას არავინ აპირებს, მაგრამ ფიზიკურად იქ ვიყოთ. იქნებ პრეზიდენტისთვის აქედან მიგვემართა, საქართველოს პარლამენტის საერთო რეზოლუციით, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს ჩვენი უპირობო მხარდაჭერა ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულების მცდელობაში.

ამ საკითხებზე უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ. არის უმძიმესი ვითარება, მაგრამ ამ ვითარებას ახლავს შანსები და ეს შანსები მხოლოდ ერთად ყოფნით იქნება გამოყენებული და არა ერთმანეთზე შეტევით“,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ასევე, მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ყოველდღიური რიტორიკით საქართველო ემიჯნება “დემოკრატიულ, თავისუფალ სამყაროს”.

მისი თქმით, საქართველომ “ადეკვატური ნაბიჯები” უნდა გადადგას იმ ფონზე, როდესაც დემოკრატიულ და თავისუფალ სამყაროში უპრეცედენტო ერთიანობაა:

“სახელმწიფოებრივი ინტერესი ხომ ისაა, რომ საქართველო უნდა გაძლიერდეს, და დღეს, როდესაც დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს უპრეცედენტო ერთიანობაა და არამხოლოდ პოლიტიკური სამყაროს, ფიფა და უეფა, ოპერები და ყველა არიან ერთი მიმართულებით მობილიზებული, ხომ შეიძლება ჩვენც გადავდგათ ადეკვატური ნაბიჯები.

ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ საჰაერო სივრცის დაკეტვა არაა სწორი სომხეთის გამო. მაგრამ ხომ შეიძლება ვიფიქროთ სანქციებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს უკვე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების თემასთან დაკავშირებით. ხომ შეიძლება ლუგანსკის და დონეცკის მიმართ, მათი ამღიარებლების მიმართ გავაკეთოთ სანქციები. ეს არ ანგრევს ეკონომიკას, ეს არ არის სახიფათო, უბრალოდ ჩვენ აქეთ უნდა მოვიმართოთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი