ახალი ამბები

პარტნიორების მხარდაჭერა დაგვჭირდება, რომ განაცხადი განაცხადისთვის არ გაკეთდეს – სამხარაძე

1 მარტი, 2022 • 887
პარტნიორების მხარდაჭერა დაგვჭირდება, რომ განაცხადი განაცხადისთვის არ გაკეთდეს – სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, იმისათვის, რომ საქართველომ დააჩქაროს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის დაწერა, პირველ რიგში, ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერაა საჭირო.

მისი თქმით, განაცხადი განაცხადისთვის არ უნდა გაკეთდეს.

როგორც სამხარაძე ამბობს, ამ საკითხზე ბრიუსელში საელჩოც მუშაობს და ბრიუსელში ვიზიტით მყოფი პრეზიდენტიც დააყენებს გაწევრიანების საკითხს მაღალი დონის შეხვედრებზე.

„დღეს მთავარი ფოკუსი არის უკრაინაზე, რადგან იქ არის ომი. შესაბამისად, ამ ქვეყნისთვის მორალური მხარდაჭერის გამოხატვა ევროკავშირისგან ნაბიჯია. თუ უკრაინას მიანიჭებენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს ხანში საქართველოს და მოლდოვასაც მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს.

იცით, რომ 2024 წელს უნდა შეგვეტანა განაცხადა და ეს პერიოდი გამოგვეყენებინა იმისათვის, რომ დაგვეკმაყოფილებინა ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმები. დღეს ჩვენ, ისევე როგორც უკრაინა და მოლდოვა, ძალიან შორს ვართ კრიტერიუმების დაკმაყოფილებისგან, რამდენიმე წლის სამუშაო გვჭირდება, თუმცა ამ ვითარებაში, რაც რეგიონშია, ჩვენ განვიხილავთ დაჩქარების საკითხს. ამისთვის, პირველ რიგში, ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა დაგვჭირდება, რომ განაცხადი განაცხადისთვის არ გაკეთდეს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა უკრაინის განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე. ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა საქართველო მიმართოს EU-ს წევრობის განაცხადით.

დღეს, 29 თებერვალს, უკრაინის შესახებ რეზოლუციას განიხილავენ. სხდომას, ასევე, ესწრებიან ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლაიენი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი. ევროპარლამენტი სპეციალური პროცედურით განიხილავს უკრაინის განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. რეზოლუციით, რომელსაც დღეს უყრიან კენჭს, ევროპარლამენტი ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი