ახალი ამბები

“გაუგებარია ეს გადაწყვეტილება” – თბილისი ზელენსკის პასუხობს

1 მარტი, 2022 • 2007
“გაუგებარია ეს გადაწყვეტილება” – თბილისი ზელენსკის პასუხობს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ილია დარჩიაშვილის თქმით, გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით  და “მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა”, საქართველო უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას გააგრძელებს. ამის შესახებ დარჩიაშვილის განცხადება საქართველოს მთავრობამ გაავრცელა.

“საზოგადოებას გვსურს განვუმარტოთ, რომ სამწუხაროდ, არ წყდება საქართველოს ომში ჩაბმის მცდელობები და პროვოკაციები, რომელშიც პირდაპირ ჩართულია დესტრუქციული ოპოზიცია და “ნაციონალური მოძრაობა”. ამის მიზანია საომარი მოქმედებების დაწყება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არის მართული პროცესი დესტრუქციული ოპოზიციის და მისი წევრების მხრიდან როგორც თბილისში, ისე კიევში.
პროვოკაციული იყო გუშინ, მოხალისეების ჩარტერული რეისით უკრაინაში გაგზავნის დემონსტრაციული მცდელობა, რაც ასევე იყო ორგანიზებული “ნაციონალური მოძრაობის” მიერ და იქნებოდა აღქმული, როგორც საქართველოს საომარ მოქმედებებში ირიბი ჩართვა.

ჩვენი მკაფიო პოზიცია უცვლელი რჩება – უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და საქართველოში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება. კიდევ ერთხელ გვსურს შეგახსენოთ, რომ საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები ერთ-ერთი მცირეთაგანნი არიან, ვისაც არ დაუტოვებიათ კიევი და ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას უკრაინაში. საქართველო პირველივე დღიდან უკრაინას უწევს როგორც საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკურ მხარდაჭერას, ასევე, ჰუმანიტარულ დახმარებას”, – აცხადებს დარჩიაშვილი.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს მიერ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაზე და თქვა, რომ საქართველოში უკრაინის მოქალაქეებს ყველანაირ დახმარებას უწევენ. მისი თქმით, ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩიც ინფორმირებული იყო და უკრაინის სახელით არაერთხელ გადაუხდია მადლობა.

“საქართველოს თუნდაც ირიბად ჩართვა სამხედრო მოქმედებებში გამოუსწორებელ შედეგებს მოუტანდა ჩვენს ქვეყანას.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო აგრძელებს და კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში”, – ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი