ახალი ამბები

უკრაინის საელჩოში ელჩის გაწვევის შემდეგ კომენტარი გაკეთდა

1 მარტი, 2022 • 3962
უკრაინის საელჩოში ელჩის გაწვევის შემდეგ კომენტარი გაკეთდა

საქართველოში უკრაინის ელჩის ​მრჩეველი ანდრეი კასიანოვი ქართველ ხალხს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის. ბრიფინგი უკრაინის საელჩოში მას შემდეგ გაიმართა, რაც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება გავრცელდა საქართველოდან ელჩის გაწვევის თაობაზე.

საელჩოს წარმომადგენელმა იმ დახმარებაზეც ისაუბრა, რაც უკრაინამ ქართული მხარისგან მიიღო და იმედი გამოთქვა, რომ ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნა არ შეწყდება:

„დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიწვია უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის. ამის მიზეზი იყო ორი საკვანძო საკითხი. პირველი არის საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომელიც უკავშირდება სანქციებს. მეორე მიზეზი ეს არის გადაწყვეტილების არმიღება, რომელიც უკავშირდება მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში ჩვენი ჯარის დასახმარებლად. არსებობს კიდევ ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული ამ კონსულტაციების დროს. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ყველაფერი, რისი კომენტირებაც ამ საკითხზე შემიძლია.

ახლახან გაიგზავნა  ჰუმანიტარული ტვირთი 80 ტონის მოცულობით. თქვენი ეს ჰუმანიტარული ტვირთი შედგებოდა სამედიცინო პრეპარატებისგან, რომელსაც ახლა ძალიან საჭიროებს შეიარაღებული ძალები და მშვიდობიანი მოსახლეობა. ცოტა ხანში ჩვენ ველოდებით მეორე ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნას, რომელიც ფორმირდება არაგულგრილი პირების მიერ, ასევე, საქმიანი წრეებისა და ბიზნესის მიერ. ჩვენ იმედი გვაქვს, ეს არ იქნება ბოლო ჰუმანიტარული ტვირთი ჩვენი მოძმე საქართველოსგან.

ცოტა ხანში მოხდება ბრიგადების ფორმირება სამედიცინო პერსონალისგან, რომელიც გაემგზავრება უკრაინაში დაჭრილი მეომრების და მშვიდობიანი მოქალაქეების დასახმარებლად. ეს არის სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოხატულება ჩვენი ქვეყნის მიმართ ასეთ რთულ დროს. ჩვენ მადლობელი ვართ ქართული მხარის და საქართველოს მოსახლეობის ამ მხარდაჭერისთვის. ჩვენ დღეს მას ვგრძნობთ როგორც არასდროს“, – ამბობს კასიანოვი.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უარი უთხრა უკრაინას თვითმფრინავის მიღებაზე, რომელსაც ქართველი მოხალისეები უკრაინაში უნდა გადაეყვანა, ომის ეპიცენტრში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია.

„მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“, – ასე განმარტა თავისი გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის ამ რადიკალურ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს ხელისუფლების არაერთი ანტიუკრაინული განცხადება და ქმედება მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და მასშტაბური ომი წამოიწყო. ნეტგაზეთი გთავაზობთ ამ ამბების ჩამონათვალს:

მასალების გადაბეჭდვის წესი