ახალი ამბები

“თუ პატარა მინიშნება მაინც იქნება…” – მდინარაძე EU-ს პერსპექტივაზე

1 მარტი, 2022 • 1165
“თუ პატარა მინიშნება მაინც იქნება…” – მდინარაძე EU-ს პერსპექტივაზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს და თუ ევროკავშირის მხრიდან “პატარა მინიშნება მაინც იქნება” ევროპულ პერსპექტივააზე, “ქართული ოცნება”  ამასაც კი დაიჭერს”. ამის შესახებ მდინარაძემ დღეს, 1 მარტს ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ევროკავშირის წევრობაზე არის ინტენსიური კონსულტაციები, დაჩქარებულად, არადაჩქარებულად, ყველა ფორმატში… და დღეს არის ის დრო? დღეს შევა, ხვალი იქნება ის დრო? ხვალ შევა. ეს უნდა იყოს დასაბუთებული, რომ არ იყოს კონტრპროდუქტიული… დღეს ეს აუცილებლობა თუკი დადგა დღის წესრიგში, თუ მათი მხრიდან პატარა მინიშნება მაინც იქნება, არათუ განსაკუთრებული საჯარო მზაობა, ამასთან დაკავშირებით უკან დახევას ვინმე აპირებს კი არა, პირველები ვიქნებით, ვინც ამ მინიშნებასაც კი დავიჭერთ”, – თქვა მდინარაძემ.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” გაცხადებული პოზიცაა, რომ მხარს უჭერს საქართველოს გაერთიანებას ევროკავშირსა და ნატოში  და ეს საკითხი სწორედ მათ ჩაწერეს კონსტიტუციაში 2017 წელს, 2020 წელს კი ამომრჩეველს დაჰპირდნენ, რომ 2024-ში დასაბუთებულ განაცხადს გააკეთებდნენ ევროკავშირის წევრობაზე

უკრაინამ ომის პარალელურად ევროკავშირს ოფიციალურად მიმართა გაერთიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად. ამის ფონზე კი საქართველოში აქტიურად დაიწყო საუბრები, რომ უკრაინასთან ერთად საქართველომაც უნდა მიმართოს დაჩქარებული წესით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად. ანალიტიკოსები ხელისუფლებას აქტიურობისაკენ მოუწოდებენ.

უკრაინა ევროკავშირის კართან — საქართველოსთან ერთად თუ მის გარეშე?

მასალების გადაბეჭდვის წესი