ახალი ამბები

“ოცნებაში” ფიქრობენ, რომ ელჩის გაწვევა თბილისის ომში ჩაბმის მცდელობაზე მიანიშნებს

1 მარტი, 2022 • 1472
“ოცნებაში” ფიქრობენ, რომ ელჩის გაწვევა თბილისის ომში ჩაბმის მცდელობაზე მიანიშნებს

“ქართულ ოცნებაში” ფიქრობენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა მიანიშნებს მცდელობაზე, საქართველო ომში ჩაებას. პარტიაში ომში ჩაბმის ტოლფასად განიხილავენ უკრაინაში ქართველი მოხალისეების წასვლის ნებართვასაც.

ელჩის გაწვევას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიუღებელ, გაუმართლებელ გადაწყვეტილებას უწოდებს და ზემოხსნებულ მცდელობაზე საუბრობს.

“არის ერთგვარი კოორდინირებული მცდელობა, რომ საქართველო იყოს ჩართული პირდაპირი ფორმით სამხედრო კონფლიქტში: აქ, საქართველოში… და უკრაინის ხელისუფლების ეს ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება — რბილად ვამბობ – არის ამ კოორდინირებული მოქმედების გამოხატულება”.

კობახიძის თქმით, არ სურს, ვინმემ მის ნათქვამს მისცეს ინტერპრეტაცია, რომ ზემოხსენებული კოორდინაცია უკრაინის პრეზიდენტსა და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შორის არსებობს. მისი სიტყვებით, ეს ასე არაა, “მაგრამ საქართველოში ამ კოორდინაციის ნაწილი არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის იყო შემჩნეული ღალატში საქართველოში და ეს არის ნაციონალური მოძრაობა”.

კობახიძის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სხვა ქვეყნებსაც — მათ შორის, ისრაელს, მოლდოვასა და აზერბაიჯანსაც — არ დაუწესებიათ, თუმცა ამის გამო იქიდან ელჩი არ გაუწვევიათ:

“მიზეზი არის ერთადერთი: ინტერესი, რომ ან თურქეთი, ან მოლდოვა, ან ისრაელი და ა.შ. ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, არ არსებობს. და ეს არის მარტივი ახსნა. სანქციები იქაც არ დაწესებულა, მაგრამ არავის გაუწვევია იქიდან [ელჩი]”.

კობახიძის მსგავს პოზიციას ახმიანებს “ოცნების” კიდევ ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძეც. მისი თქმით, საქართველომ უნდა გააკეთოს არჩევანი – უნდა თუ არა ომი, “სადაც წინასწარ იქნება ყველაფერი გადაწყვეტილი”.

“რაც შეეხება იმას, რომ ეს [ელჩის გაწვევა] მოხდა საქართველოსთან მიმართებაში, მაგალითად, და არა მოლდოვასთან, არა სომხეთთან, აზერბაიჯანთან და სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ არსებობს მცდელობა, საქართველო ჩაებას ომში.

თუ ჩვენ, ქართველები, ვთანხმდებით, რომ ახლა ამ ომში უნდა ჩაერთოს საქართველო, მაშინ ეს სხვა საკითხია, და თუ ჩვენი პოლიტიკა სწორია, რომ ახლა ომში არ უნდა ჩაერთოს საქართველო, მაშინ, ალბათ, ყველასთვის ყველაფერი გასაგებია”, — დასძინა მან.

მდინარაძის თქმით, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ “თუ საბრძოლველი იქნება, ვიბრძოლებთ ყველგან ბოლომდე”, მაგრამ “არც ის დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომლის 20% ოკუპირებულია და ოკუპანტის ჯარი დგას ქვეყნის შუაგულში, ცენტრალურ მაგისტრალთან”.

“ამ ფაქტორების გათვალისწინებით ერმა უნდა მივიღოთ მაშინ რაღაც გადაწყვეტილება, ან ასე, ან ისე… მაგრამ თუ ეს გადაწყვეტილება და ხალხის აზრია ის, რომ საქართველო არ უნდა ჩაერთოს ისეთ ომში, სადაც წინასწარ გეცოდინება ყველაფერი, მაშინ ყველა დანარჩენში ვართ მართლები.

ვფიქრობ, რომ ეს არის პრაგმატული გადაწყვეტილების ნაწილი, რაც საქართველოს ხელისუფალმა უნდა მიიღოს… ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ ჩავერთოთ იმ ომში, სადაც წინასწარ იქნება გადაწყვეტილი ყველაფერი, სამწუხაროდ”.

მდინარაძესა და კობახიძეს იდენტური პოზიციები აქვთ საქართველოდან უკრაინაში მოხალისეთა წასვლაზეც: კერძოდ, იმ რეისის გაუქმებაზე, რომლითაც ქართველი მოხალისეები უკრაინაში უნდა ჩასულიყვნენ.

მდინარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ამ თვითმფრინავს გაფრენის შესაძლებლობას მისცემდა, ქვეყანა გააკეთებდა კონკრეტულ განაცხადს, რომ ომში ერთვება.

“რომელიმე თქვენგანს შეგიძლიათ მითხრათ, რომ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ომის სასარგებლოდ?” — ჰკითხა მან ჟურნალისტებს, კობახიძემ კი დასძინა:

“სამხედრო კონფლიქტში ჩვენ ვერ ჩავერთვებით. იყო პირდაპირი მცდელობა მოხალისეების გაგზავნის ორგანიზების ნაწილში, რომ ვყოფილიყავით ჩართული სამხედრო კონფლიქტში. ეს ვერ იქნა მიღწეული და ამას მოჰყვა შემდეგ ეს სამწუხარო [გადაწყვეტილება].

ამ ვითარებაში, როცა ჩვენი მეგობარი ქვეყანა არის უმძიმეს მდგომარეობაში, ჩვენ ყველაფერს ვცემთ პატივს და, ბუნებრივია, არასწორია, ასეთ დროს ჩვენ გავაკრიტიკოთ უკრაინის ხელისუფლება.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ის უნდა დავაფიქსიროთ, რომ ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუმართლებელი, მათ შორის იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც საქართველომ გააკეთა გასულ დღეებში.

არ იყო არცერთი პლატფორმა, არცერთი ფორუმი  — ევროსაბჭო, ეუთო, გაერო — სადაც დადგა პრინციპულად საკითხი უკრაინასთან დაკავშირებით, მათ შორის, მის სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ყველგან საქართველომ გამოხატა ქმედითი ნაბიჯებით საკუთარი პოზიცია. როდესაც ასეთ დროს იდგმება ასეთი ნაბიჯები, ეს არის ერთადერთი გამოხატულება — საქართველოს ჩათრევა უნდათ ომში”.


დღეს, პირველ მარტს,უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია. მიზეზად მან “მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიცია” დაასახელა.

მე-6 დღეა, რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ქვეყანა არ შეუერთდება დასავლეთის მიერ რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო დაწესებულ სანქციებს, 28 თებერვალს კი ისიც თქვა, რომ უკრაინაში ომის გამჩერებელი არავინ არის და სანქციები კი არ მუშაობს.

ამავე პერიოდში, „ანტისაოკუპაციო მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ დაწერა, რომ გააუქმეს რეისი, რომლითაც ქართველი მოხალისეები უკრაინაში უნდა ჩასულიყვნენ. უკრაინის პრემიერმა ღარიბაშვილს მოუწოდა, მოხალისეებისთვის თბილისიდან კიევისკენ ფრენის უფლება მიეცა, თუმცა უშედეგოდ. უკრაინა, რომლის ტერიტორიების ოკუპაციასაც რუსეთი ცდილობს, მოხალისეებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან იწვევს დასახმარებლად. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, უკრაინაში გამგზავრებას არაერთი ქვეყნიდან გეგმავენ, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი