ევროპარლამენტში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლას ფეხზე ადგომით და ტაშით შეხვდნენ.
ზელენსკი ონლაინ ჩაერთო ევროპარლამენტის სხდომაზე, სადაც უკრაინის შესახებ რეზოლუციას განიხილავენ. სხდომას, ასევე, ესწრებიან ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლაიენი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი. ევროპარლამენტი სპეციალური პროცედურით განიხილავს უკრაინის განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. რეზოლუციით, რომელსაც დღეს უყრიან კენჭს, ევროპარლამენტი ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ.
„არ ვიცი, როგორ მოგესალმოთ, როგორ გითხრათ „დილა მშვიდობისა“, „დღე მშვიდობისა“ ან „საღამო მშვიდობისა“, რადგან ბევრი ადამიანისთვის ეს დღეები არ არის მშვიდობიანი. ზოგი ადამიანისთვის ეს დღე არის უკანასკნელი. მე ახლა ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქეებზე, რომლებიც ყველა ფასად იცავენ საკუთარ სამშობლოს და თავისუფლებას“, — განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის საკითხმა გააერთიანა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა უკრაინელ ხალხს ეს სისხლის ფასად უჯდება.
„მოხარული ვარ, რომ ვხედავთ, როგორ გაგაერთიანეთ უკრაინელებმა სრულიად ევროპა. მაგრამ ტრაგედიაა ის ძალიან მაღალი ფასი, რასაც ამისთვის უკრაინა იხდის — ათასობით გარდაცვლილი ადამიანი, რევოლუცია და ომი და ახლა 5 დღე რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიისა. ხშირად გვიყვარს თქმა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ ყველაფერზე — თქვენ არა მარტო ლაპარაკობთ, უკვე ხედავთ ამას. ჩვენ ყველაფერს გადავლახავთ. უკრაინის ევროპული არჩევანი, ეს არის ის, რისთვისკენ მივისრაფვით. საუკეთესო არჩევანი, რომელიც ახლა შეუძლია ევროკავშირს მიიღოს, არის უკრაინის დაუყოვნებლივ მიღება საკუთარ რიგებში — სრულუფლებიან წევრად. ისტორიული დრო დიდ და ისტორიულ გადაწყვეტილებებს ითხოვს, რომელსაც შეუძლია ძირფესვიანად შეცვალოს მოვლენების დინამიკა“, — მიმართა ზელენსკიმ ევროპარლამენტს.
ზელენსკის თქმით, უკრაინა იბრძვის თავისი თავისუფლებისთვის და ეს უმაღლესი ღირებულებაა, თუმცა უკრაინა ასევე იბრძვის ევროპული მომავლისთვის. მისი თქმით, უკრაინასთან ერთად ევროკავშირიც იქნება უფრო ძლიერი.
„ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი ძალა. დავამტკიცეთ, რომ მინიმუმ ისეთები ვართ, როგორც თქვენ. დაგვიმტკიცეთ, რომ თქვენ ჩვენთან ხართ და არ გაგვიშვებთ. დაგვიმტკიცეთ, რომ ნამდვილად ევროპელები ხართ. მაშინ სიცოცხლე დაამარცხებს სიკვდილს და სინათლე — სიბნელეს“, — მიმართა ზელენსკიმ ევროპარლამენტს.
28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა უკრაინის განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე. ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა საქართველო მიმართოს EU-ს წევრობის განაცხადით.