ახალი ამბები

გოცირიძე ოცნებას: 2 ბუსტერი გჭირდებათ – ერთი პატრიოტული და მეორე ანტირუსული

1 მარტი, 2022 •
გოცირიძე ოცნებას: 2 ბუსტერი გჭირდებათ – ერთი პატრიოტული და მეორე ანტირუსული

„ორი ნემსი უნდა გაგიკეთოთ თქვენ – ერთი პატრიოტული და მეორე ანტირუსული“, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომათაზე.

გოცირიძის თქმით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობიდან უნდა გადადგეს.

„თუ ბუსტერი უაზრობაა, ფულს რატომ ხარჯავთ?! და თუ ბუსტერი აზრიანია, მაშინ ეს უაზრო პრემიერი რატომ გიზით პრემიერად აქ?! ამიტომ, დღავანდელი ბოლო გადაწყვეტილების შემდეგ, რაც უკრაინიდან მოვისმინეთ, ღარიბაშვილს არავითარი მორალური უფლება აქვს, იყოს საქართველოს მეთაური. ის დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. რაც შეეხება ბუსტერის თემას, ბუსტერი გჭირდებათ თქვენ, თანაც ორი ბუსტერი. ორი ნემსი უნდა გაგიკეთოთ თქვენ – ერთი პატრიოტული და მეორე ანტირუსული, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს არავის გამოუგონებია ასეთი რამ. ამიტომ ქართველი ხალხი გამოგიტანთ თქვენ განაჩენს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი – იგორ დოლგოვი გაიწვია.

„მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

საქართველოსთან ერთად ელჩი გაიწვიეს ყირგიზეთიდანაც.

ელჩის, ანუ პირველი დიპლომატის გაწვევა ქვეყნებს შორის უთანხმოების დროს პროტესტის დაფიქსირების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მექანიზმია.

ზოგჯერ სახელმწიფოები აცხადებენ, რომ ელჩებს საკუთარ დედაქალაქებში „დამატებითი კონსულტაციებისთვის“ იწვევენ, რაც ასევე პროტესტის გამოხატულებად მიიჩნევა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ირაკლი ღარიბაშვილს გუშინ მოუწოდა, მოხალისეებს თბილისიდან კიევში ფრენის უფლება მისცეს.„მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება!“, – დაწერა მან.

ნეტგაზეთი მეორე დღეა პასუხს ელოდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისგან და ავიაციის სააგენტოსგან, რატომ არ მისცეს უკრაინულ ჩარტერს თბილისში დაფრენის საშუალება.

მანამდე საქართველოს მთავრობის მეთაური მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ თბილისი არ შეუერთდება უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს და უკრაინაში ჩასვლა „არაფრის მომცემია“. 28 თებერვალს კი, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი არავინ არის, სანქციები კი არაეფექტურია. იმის მაგივრად, რომ ქვეყნის პოზიციების გასაძლიერებლად 2008 წლის ომთან პარალელი გამოეყენებინა, პრემიერი ახლაც ამბობს, რომ საქართველომ „ვერ აირიდა ომი” და „ჩააბარა ტერიტორიები“. მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილის განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე წუთში, მის საპასუხოდ აქცია დაიგეგმა. ღარიბაშვილის განცხადებას მყისიერი გამოხმაურებები მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან. მათ ღარიბაშვილის განცხადება პროროსულ პოზიციად შეაფასეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი