ახალი ამბები

სანამ ყაველაშვილი იგინებოდა, ზელენსკიმ შემოგითვალათ, შეგეწერათო – ხაბეიშვილი

1 მარტი, 2022 • 1794
სანამ ყაველაშვილი იგინებოდა, ზელენსკიმ შემოგითვალათ, შეგეწერათო – ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა  ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევას და ამ ფაქტს სამარცხვინო უწოდა.

ხაბეიშვილის თქმით, ელჩის გაწვევა “სრული კატასტროფაა”.

“სანამ ყაველაშვილი აქ იგინებოდა და დაიგინა, ომში მყოფმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ შემოგითვალათ, რომ “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს მაგრად შეეწერათ. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს არის სრული კატასტროფა, რაც ახლა ხდება, და ეს ინფორმაცია არის დადასტურებული, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გაიწვია ელჩი. რუსეთის და ბელარუსის გარდა, კიდე საიდან გაიწვია ელჩი ზელენსკიმ?! ნუთუ არ გრცხვენიათ?!”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი – იგორ დოლგოვი გაიწვია.

„მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“ ,– ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

საქართველოსთან ერთად ელჩი გაიწვიეს ყირგიზეთიდანაც.

ელჩის, ანუ პირველი დიპლომატის გაწვევა ქვეყნებს შორის უთანხმოების დროს პროტესტის დაფიქსირების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მექანიზმია.

ზოგჯერ სახელმწიფოები აცხადებენ, რომ ელჩებს საკუთარ დედაქალაქებში „დამატებითი კონსულტაციებისთვის“ იწვევენ, რაც ასევე პროტესტის გამოხატულებად მიიჩნევა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ირაკლი ღარიბაშვილს გუშინ მოუწოდა, მოხალისეებს თბილისიდან კიევში ფრენის უფლება მისცეს.„მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება!“, – დაწერა მან.

ნეტგაზეთი მეორე დღეა პასუხს ელოდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისგან და ავიაციის სააგენტოსგან, რატომ არ მისცეს უკრაინულ ჩარტერს თბილისში დაფრენის საშუალება.

მანამდე საქართველოს მთავრობის მეთაური მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ თბილისი არ შეუერთდება უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს და უკრაინაში ჩასვლა „არაფრის მომცემია“. 28 თებერვალს კი, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი არავინ არის, სანქციები კი არაეფექტურია. იმის მაგივრად, რომ ქვეყნის პოზიციების გასაძლიერებლად 2008 წლის ომთან პარალელი გამოეყენებინა, პრემიერი ახლაც ამბობს, რომ საქართველომ „ვერ აირიდა ომი” და „ჩააბარა ტერიტორიები“. მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილის განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე წუთში, მის საპასუხოდ აქცია დაიგეგმა. ღარიბაშვილის განცხადებას მყისიერი გამოხმაურებები მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან. მათ ღარიბაშვილის განცხადება პროროსულ პოზიციად შეაფასეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი