ახალი ამბები

გახარიას წერილი ევროპარლამენტს საქართველოს EU-ში გაწევრების მოთხოვნით

1 მარტი, 2022 • 2268
გახარიას წერილი ევროპარლამენტს საქართველოს EU-ში გაწევრების მოთხოვნით

პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს და კომიტეტის წევრებს წერილი მისწერა, რომლითაც მუწოდებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყებისკენ.

„მე დღეს მოგმართავთ თქვენ, როგორც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციური პარტიის ლიდერი და საქართველოს რიგითი მოქალაქე. ამ სიტყვების წერისას მე განმსჭვალული ვარ უკრაინელი ხალხის და მისი ხელისუფლების მიმართ პატივისცემით. დღეს უკრაინა იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას და ღირსებას, არამედ ყველა ჩვენგანისას. ის იცავს წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს, სადაც თითოეულ ქვეყანას აქვს უფლებები, მათ შორის უფლება, პატივს სცემდნენ მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; უფლება, თავად აირჩიოს, ვისთან იყოს ალიანსში; უფლება, იყოს თავისუფალი გარე ზეგავლენებისგან. უკრაინამ ჩვენ ყველას მოგვცა შესაძლებლობა, ვიმოქმედოთ ჩვენი ღირებულებების შესაბამისად და დავდგეთ ერთად იმის დასაცავად, რაც გვჯერა, რომ არის ყველასთვის კარგი.

დღეს არის გარდამტეხი მომენტი და მოგმართავთ, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და მოგვანიჭოთ უფლება ჩვენ – საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას, რომ გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს, წესებზე დაფუძნებული ერთობის ნაწილი; გაგვიხსნათ ევროპული პერსპექტივა და ბოლომდე მიიყვანოთ ევროპული დემოკრატიების გაერთიანების პროცესი. ჩვენ არ ვართ სრულყოფილები, მე ამ შემთხვევაში საქართველოზე ვსაუბრობ, თუმცა ჩვენ ვიმსახურებთ შანსს გავხდეთ უკეთესები. ევროპარლამენტი ყოველთვის უჭერდა მხარს ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკას. დღეს მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ კონკრეტული რეზოლუცია იქნება ძალიან დროული და მნიშვნელოვანი.

2008 წელს საქართველო დაისაჯა ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანისთვის, დღეს ისჯება უკრაინა. 2008 წლისგან განსხვავებით, დღეს მთელი მსოფლიო ერთად დადგა ბოროტების წინააღმდეგ. მაშინდელისგან განსხვავებით, დღეს მზარდია იმის გააზრება, რომ რუსეთი გამოწვევას უგზავნის ცივი ომის შემდგომ ჩამოყალიბებულ სრულიად უსაფრთხოების არქიტექტურას და, შესაბამისად, საფრთხეს უქმნის ყველას და არამხოლოდ უშუალო მეზობლებს. უკრაინელი ხალხის თავგანწირვა არის ჩვენთვის ყველასთვის შთაგონების წყარო. ჩვენ ვალდებულები ვართ გავიმარჯვოთ. ევროპისთვის ჭეშმარიტი გამარჯვება იქნება ჩვენი ქვეყნების დემოკრატიზაცია და ტრანსფორმაცია რუსეთის საზღვრებთან“, — წერს გიორგი გახარია ევროპარლამენტარებისთვის გაგზავნილ წერილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი