ამერიკული კომპანია Maxar Technologies იუწყება, რომ მათ მიერ რამდენიმე საათის წინ გავრცელებული სატელიტური ფოტოების მიხედვით, კიევისკენ მიმავალი სამხედრო კოლონა უფრო გრძელი აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ.
ახალი სატელიტური ფოტოებით ირკვევა, რომ კოლონის სიგრძე, – რომელიც კიევიდან დაახლოებით 64 კილომეტრში იმყოფებოდა, – არა ხუთი, არამედ 64 კმ-ია (40 მილი).
ამ ინფორმაციას „მაქსარზე“ დაყრდნობით BBC და CNN-იც ავრცელებენ.
წყაროებზე დაყრდნობით CNN ასევე წერს, რომ თეთრი სახლი საქმის კურსშია და ყურადღებით აკვირდება ამ გარემოებას.

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპერატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.





