ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ფედერაციას ბრალს სდებს ომის დანაშაულში, კერძოდ, ხარკოვის დაბომბვისას მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებაში.
28 თებერვლის დღის შემაჯამებელ ბრიფინგზე ზელენსკიმ „ომის დანაშაული“ უწოდა რუსეთის სამხედრო ძალების ქმედებებს ხარკოვში.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, დღეს, ქალაქში დაბომბვის დროს, მანქანაში ცოცხლად დაიწვა ოჯახი 3 ბავშვით.
„ხარკოვის უბნების დღევანდელმა დაბომბვამ აჩვენა – ეს არ არის საომარი ოპერაცია, ეს არის ჩვენი მკვლელობა, უკრაინელი ხალხის განადგურება. პირველად მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში, ხარკოვს ამის გადატანა მოუხდა. ჭურვები ეცემოდა საცხოვრებელ სახლებს, კლავდა და ასახიჩრებდა მშვიდობიან მოსახლეობას.
ასეთი რამ ხარკოვის ისტორიას ბოლო წლებში არ ახსოვს. მხოლოდ დღევანდელი მონაცემებით – 37 დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვია; ოთხი ადამიანი გამოვიდა თავშესაფრიდან წყლის მოსამარაგებლად და დაიღუპა. ოჯახი – ორი ზრდასრული და სამი ბავშვი – ცოცხლად დაიწვა მანქანაში“, – აცხადებს მერი.
ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის ქმედებებს აუცილებლად მოჰყვება საერთაშორისო ტრიბანულში რუსეთის პასუხისმგებლობის დაყენება. „მსოფლიოში არავინ გაპატიებთ მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის მკვლელობას“, – მიმართა მან რუსეთის ფედერაციას.
ამასთან, ზელენსკი აცხადებს, რომ „სამართლიანი მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთი მხარე მეორე მხარეს სარაკეტო არტილერიით არ დაარტყამს მოლაპარაკების დროს“.
„ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს ის შედეგი, რაც გვსურს. რუსეთმა განაცხადა თავისი პოზიციონირების შესახებ. ჩვენ დავასახელეთ საპასუხო პუნქტები ომის დასრულებისთვის. მივიღეთ გარკვეული სიგნალები“, – განაცხადა ზელენსკიმ დღის შემაჯამებელ ბრიფინგზე.
მისი განცხადებით, დელეგაციის უკრაინაში დაბრუნების შემდეგ მოხდება მოლაპარაკებებზე მოსმენილი ინფორმაციის ანალიზი და მოლაპარაკების მეორე რაუნდში მოქმედების გეგმა.
ნახეთ ასევე: