ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა მეზობელი ქვეყნებთან კონსულტაციის გარეშე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვაზე.
„საუბარი იყო, „ავუკრძალოთ რუსეთს [ფრენა], საჰაერო შესძაძლებლობი შევზღუდოთ და ჩვენთან არ ჩამოფრინდნენ რუსული კომპანიები“. ჩვენთან რუსული კომპანიები სამხედრო და კომერციული მიზნით ისედაც არ დაფრინავენ. აქ თუ იმაზეა საუბარი, რომ ჩვენ ჩვენი სივრცე არ გამოვაყენებინოთ რუსულ ავიაციას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში.
„ეს ჩვენ გვეხება იმდენად, რამდენადაც, როდესაც ისინი ჩვენს სივრცეს იყენებენ, ისინი მიდიან სხვა ქვეყანაში. ამიტომ, ალბათ, ამ ქვეყნებს უნდა ვკითხოთ, ხომ არ დაზიანდებიან“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
დამაზუსტებელ კითხვაზე,რომელ ქვეყნებს გულისხმობს, თეა წულუკიანმა თქვა:
„არამარტო სომხეთი, გრძელია სია იმ ქვეყნებისა, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი საჰაერო სივრცით იმისთვის, რომ იქონიონ რუსეთთან ურთიერთობა. ასე რომ, ამ ქვეყნებსაც უნდა ვკითხოთ. ასე თითის დატკაცუნებით არ ხდება ქვეყნის მართვა და გადაწყვეტილების მიღება“.
სხვადასხვა ქვეყანა რუსეთისთვის საჰაერო სივრცის დაბლოკვას განიხილავს. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, ასევე ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. უკვე მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
„ჩვენ ვხურავთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეს რუსეთისთვის. ჩვენ ვაწესებთ აკრძალვას რუსეთის საკუთრებაში მყოფი, რუსეთის მიერ რეგისტრირებული და რუსეთის მიერ კონტროლირებად თვითმფრინავებზე. ეს თვითმფრინავები ვეღარ შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაშვებას, აფრენას ან გადაფრენას“, – განაცხადა გუშინ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.