ახალი ამბები

დღეს კომენტარს არ გავაკეთებ, მაგრამ მოვა მშვიდობის დროც – წულუკიანი ზელენსკიზე

28 თებერვალი, 2022 •
დღეს კომენტარს არ გავაკეთებ, მაგრამ მოვა მშვიდობის დროც – წულუკიანი ზელენსკიზე

კულტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ კომენტარს არ გააკეთებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებებზე საქართველოსთან დაკავშირებით.

„იმედის“ ეთერში წულუკიანმა საქართველოს ოპოზიციაზე საუბრისას თქვა, რომ „ერთი და იგივე სცენარს ვხედავთ“:

„როგორ შევცვივდეთ პარლამენტში, როგორ ავურიოთ სიტუაცია, როგორ ვიძახოთ, რომ ეს მთავრობა პუტინის აგენტია, როგორ გავაკეთოთ უპასუხისმგებლო განცხადებები და როგორ ვიხადოთ ბოდიშები ზელენსკის წინაშე, რომ თურმე მათ ჰყავთ ცუდი მთავრობა“.

ამის შემდეგ კი თეა წულუკიანმა განაცხადა:

„დღეს ბატონი ზელენსკი არის ბომბების ქვეშ მდგარი პრეზიდენტი, ამიტომ ქართული ტრადიცია ასე მოითხოვს, მის განცხადებებზე, წარსულ განცხადებებზე საქართველოსთან მიმართებაში, მათ შორის ომის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის მთავრობის ამჟამინდელ შეფასებებზე, მე უარს ვამბობ რაიმე ტიპის კომენტარზე. ის არის ის პრეზიდენტი, რომელიც ცდილობს მედგრად წარუძღვეს ძალიან დიდ გასაჭირში მყოფ ერს. მაგრამ მოვა მშვიდობის დროც“.

ამის შემდეგ წულუკიანმა განაცხადა, რომ „ღმერთი ფარავდეს მართლაც უკრაინას, უკრაინელ ხალხს და ჩვენც მასთან ერთად“.

მასალების გადაბეჭდვის წესი