ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, დღეს ქალაქში დაბომბვის დროს მანქანაში ცოცხლად დაიწვა ოჯახი 3 ბავშვით.
„ხარკოვის უბნების დღევანდელმა დაბომბვამ აჩვენა – ეს არ არის საომარი ოპერაცია, ეს არის ჩვენი მკვლელობა, უკრაინელი ხალხის განადგურება. პირველად მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში, ხარკოვს ამის გადატანა მოუხდა. ჭურვები ეცემოდა საცხოვრებელ სახლებს, კლავდა და ასახიჩრებდა მშვიდობიან მოსახლეობას.
ასეთი რამ ხარკოვის ისტორიას ბოლო წლებში არ ახსოვს. მხოლოდ დღევანდელი მონაცემებით – 37 დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვია; ოთხი ადამიანი გამოვიდა თავშესაფრიდან წყლის მოსამარაგებლად და დაიღუპა. ოჯახი – ორი ზრდასრული და სამი ბავშვი – ცოცხლად დაიწვა მანქანაში“, – აცხადებს ის.
მიმართვის ბოლოს ტერეხოვი ამბობს, რომ ხარკოვი და მისი მოქალაქეები მაინც მყარად დგანან ფეხზე – „და ვიდგებით კიდეც“.
უკრაინის ქალაქ ხარკოვს რუსეთი დღეს დილიდან ბომბავს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ქალაქი გრადის ტიპის რაკეტებით დაბომბეს. მისივე თქმით, დაღუპულია ათობით ადამიანი.
იბომებოდა მჭიდროდ დასახლებული უბნებიც.
მე-5 დღეა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.
ბრძოლა კიევისთვის – მე-5 დღე რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან [განახლებადი]