ახალი ამბები

ნეიტრალური შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, სავარაუდოდ, შეუერთდება

28 თებერვალი, 2022 • 1962
ნეიტრალური შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, სავარაუდოდ, შეუერთდება

ნეიტრალური შვეიცარია, სავარაუდოდ, შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს და რუსულ აქტივებს გაყინავს. ამის შესახებ შვეიცარიის პრეზიდენტმა იგნასიო კასისმა განაცხადა.

მისი თქმით, „დიდი ალბათობით“ შვეიცარია გადაწყვეტილებას დღეს, ორშაბათს, მიიღებს.

Reuters- ის ინფორმაციით, კასისმა განაცხადა, რომ ფედერალური საბჭო ორშაბათს შეიკრიბება და განიხილავს ფინანსთა და ეკონომიკის დეპარტამენტების რეკომენდაციებს.

ამასთან, კასისმა თქვა, რომ შვეიცარიის ნეიტრალიტეტი უნდა იყოს დაცული და მზადაა შესთავაზოს თავის დიპლომატიური ოფისები, თუ ბელარუსის საზღვარზე უკრაინელ და რუს ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებები წარმატებული არ იქნება.


ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ შეზღუდვებს აწესებს, მათ შორისაა რუსული ბანკების „გარკვეული რაოდენობის გათიშვა SWIFT-ის ფინანსური სისტემიდან“.

„პირველი, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, უზრუნველვყოთ, რომ რუსული ბანკების გარკვეული რაოდენობა ამოღებულ იქნას SWIFT-დან.

ეს შეაჩერებს მათ ოპერირებას მთელ მსოფლიოში და ეფექტურად დაბლოკავს რუსეთის ექსპორტსა და იმპორტს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გარდა ამისა, მან ისაუბრა რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ოლიგარქების წინააღმდეგ დაგეგმილი შეზღუდვების შესახებაც.

მისი განცხადებით, დასავლეთი გაყინავს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებს და რუს ოლიგარქებს აუკრძალავს აქტივების დასავლურ ბაზარზე გამოყენებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი