ახალი ამბები

დავით ზალკალიანმა ჟოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბარი გამართა

26 თებერვალი, 2022 •
დავით ზალკალიანმა ჟოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელთან.

საგარეო საქმეთა სამინიტროს ცნობით,  სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღინიშნა ევროკავშირის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ის განსაკუთრებული ყურადღება, რაც ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების მხრიდან გამახვილებულია პარტნიორ საქართველოზე, განსაკუთრებით, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიის ფონზე.

„მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან გაიცვალა ინფორმაცია ევროკავშირის მხრიდან რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევის საპასუხოდ გატარებული ზომების შესახებ“, – ნათქვამია საგარეო სამინისტროს განცხადებაში.

დღესვე სატელეფონო საუბარი შედგა  ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შეეხებოდა. შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილი უახლოეს დღეებში ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მიიწვია.

ნეტგაზეთი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს გაარკვიოს, ზუსტად როდისაა პრეზიდენტის ვიზიტი დაგეგმილი ბრიუსელში და დაიწყო თუ არა უკვე სამინისტრომ ამ ვიზიტისთვის მზადება.

მასალების გადაბეჭდვის წესი