ახალი ამბებისამართალი

შავ ზღვაში რუსული გემების შეზღუდვა უმნიშვნელოვანესია – ზელენსკი ერდოღანს

26 თებერვალი, 2022 •
შავ ზღვაში რუსული გემების შეზღუდვა უმნიშვნელოვანესია – ზელენსკი ერდოღანს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის. ამასთან, ის კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას შავ ზღვაში რუსული სამხედრო ხომალდების გადაადგილების შეზღუდვის მნიშვნელობაზე.

„მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს და თურქ ხალხს ძლიერი მხარდაჭერისთვის. შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების შესვლის აკრძალვა და მნიშვნელოვანი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. უკრაინელი ხალხი ამას არასოდეს დაივიწყებს“, – წერს პრეზიდენტი ზელენსკი.

ზელენსკის ამ პოსტის შემდეგ სხვადასხვა საერთაშორისო მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო შავ ზღვაში რუსული საომარი გემების არშეშვების გადაწყვეტილება.

თუმცა სინამდვილეში თურქეთის მხარეს ეს განცხადება არ გაუკეთებია და არც აღნიშნული პოსტი იძლევა ცალსახად ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას.

ამასთან,  „როიტერსი“ ზელენსკის პოსტისა და მოგვიანებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, წერს, რომ ამ საკითხზე სააგენტოს ინფორმირებული წყარო თურქეთის მთავრობაში უარყოფს, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

თურქეთში უკრაინის ელჩმა ჯერ კიდევ 24 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობამ თურქეთის ხელისუფლებას სთხოვა, რუსულ ხომალდებს დაუხუროს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები.

1936 წლის მონტროს კონვენცია არეგულირებს შავ ზღვაში ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლით სამხედრო ხომალდების შესვლას.

კონვენციის თანახმად, სრუტეებში ხომალდების გადაადგილების კონტროლის ბერკეტი აქვს თურქეთს, – რომელიც ნატოს წევრია.

თხოვნაზე პასუხად 25 თებერვალს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ „თურქეთს არ შეუძლია რუსული სამხედრო ხომალდების წვდომის შეჩერება შავ ზღვაზე თავისი სრუტეების მეშვეობით ისე, როგორც ამას უკრაინა ითხოვს, რადგან ხომალდებს საკუთარ ბაზაზე დაბრუნების უფლებას საერთაშორისო ხელშეკრულება აძლევს“.


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 26 თებერვალს რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ ანკარა მზადაა, უმასპინძლოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს ორ ქვეყანას შორის. მან ასევე მოუწოდა რუსეთის ფედერაციას „სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისკენ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი