ახალი ამბები

კარგი შესაძლებლობაა რუსეთში სიკვდილით დასჯის აღსადგენად – მედვედევი სანქციებზე

26 თებერვალი, 2022 • 4025
კარგი შესაძლებლობაა რუსეთში სიკვდილით დასჯის აღსადგენად – მედვედევი სანქციებზე

მას შემდეგ, რაც რუსეთს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში და საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) წარმომადგენლობის უფლება შეუჩერდა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ეს „კარგი შესაძლებლობაა“ სიკვდილით დასჯის აღსადგენად.

„ახლა ყველგან განდევნილები ვართ, გვსჯიან შეშინებულები, მაგრამ ისევ არ გვეშინია… ევროპის საბჭომ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შეაჩერა რუსეთის წევრობა. ველური უსამართლობა. მიუხედავად იმისა, კარგი მიზეზია, რომ საბოლოოდ გამოვიხუროთ კარი და სამუდამოდ დავივიწყოთ ეს უაზრობა…

მეტიც, ეს ასევე კარგი შესაძლებლობაა, აღდგეს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები ქვეყანაში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების პრევენციისთვის. ისევე, როგორც სიკვდილით დასჯა ყველაზე საშიში დამნაშავეებისთვის, რომელიც, სხვათა შორის, აქტიურად გამოიყენება შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში“, – განაცხადა მედვედევმა.


რუსეთს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში და საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) წარმომადგენლობის უფლება შეუჩერდა.

ეს გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ევროპის საბჭოს წესდების მე-8 მუხლის საფუძველზე მიიღო. მე-8 მუხლის თანახმად, „ევროპის საბჭოს ნებისმიერ წევრს, რომელმაც სერიოზულად დაარღვია მე-3 მუხლი (კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპი), შეიძლება შეუჩერდეს წარმომადგენლობის უფლება და მინისტრთა კომიტეტის მიერ მოეთხოვოს გასვლა მე-7 მუხლის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მხარე არ შეასრულებს ამ მოთხოვნას, კომიტეტს შეუძლია შეუწყვიტოს მას საბჭოს წევრობა, კომიტეტის მიერ დადგენილი დღიდან“.

მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია რჩება ევროპის საბჭოს წევრად და ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილედ.

ასევე, რუსეთის ფედერაციის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არჩეული მოსამართლეები რჩებიან სასამართლოს წევრად და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შემოტანილი განაცხადები კვლავ განიხილება სასამართლოს მიერ. ევროპის საბჭოს აცხადებს, რომ შეჩერება არ არის საბოლოო, არამედ დროებითი ღონისძიება, რის გამოც კომუნიკაციის არხები ღიაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი