ახალი ამბები

შტატები უკრაინისთვის $6.4 მლრდ-ის გამოყოფას გეგმავს, $350 მლნ უკვე გამოიყო

26 თებერვალი, 2022 • 846
შტატები უკრაინისთვის $6.4 მლრდ-ის გამოყოფას გეგმავს, $350 მლნ უკვე გამოიყო

სხვადასხვა ამერიკული გამოცემის (Politico, AP) ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონგრესს სთხოვს უკრაინისთვის დამატებით 6.4 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას.

კერძოდ, თეთრ სახლს სურს 3.5 მლრდ აშშ დოლარის სამხედრო დახმარების გაწევა, ხოლო 2.9 მლრდ აშშ დოლარის გამოყოფა -ჰუმანიტარული და უსაფრთხოების მიზნებისთვის.

დღეს, 26 თებერვლის დილას, თეთრმა სახლმა უკვე გამოყო უკრაინის დასახმარებლად პირველი ტრანში, 350 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.

ბაიდენის ადმინისტრაციამ თბილისის დროით დილის 8 საათისთვის გამოაქვეყნა მემორანდუმი, რომლითაც ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივანს დაავალა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფა.

მემორანდუმით მან გასცა ნებართვა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის შეერთებული შტატების მთავრობამ 350 მლნ აშშ დოლარი გამოყოს.

ეს გულისხმობს დახმარებას „სამხედრო განათლების, სამხედრო ტრენინგის“ საკითხებში.


უკრაინის თავდაცვის ძალების თანახმად,  კიევიდან 29 კილომეტრში, ვასილკოვში, სადაც “ოკუპანტები დესანტის გადმოსხმას ცდილობენ”, მძიმე ბრძოლებია. ხელჩართული ბრძოლებია კიევის ქუჩებშიც, სადაც მთელი ღამე აფეთქებების ხმა ისმოდა.

  • რუსეთი  24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.  შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპერატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
  • რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.
  • პარალელურად, დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მა, განაცხადეს, რომ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ აწესებენ მძიმე ეკონომიკურ სანქციებს.
  • აშშ-მა ზელენსკის ქვეყნიდან ევაკუაცია შესთავაზა 26 თებერვლის ღამეს, რაზედაც უკრაინის პრეზიდენტმა უარი განაცხადა და რჩება კიევში.

მასალების გადაბეჭდვის წესი