ახალი ამბები

ბრიტანეთის მთავრობა BP-ს უბიძგებს, როსნეფტში წილი „მოიშოროს“ – BBC

25 თებერვალი, 2022 •
ბრიტანეთის მთავრობა BP-ს უბიძგებს, როსნეფტში წილი „მოიშოროს“ – BBC

BBC-ის წყაროს ცნობით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ენერგოკომპანია BP-ზე (ყოფილ „ბრიტიშ პეტროლიუმზე“) ზეწოლას ახორციელებს, რათა „მოიშოროს“ რუსულ სახელმწიფო კომპანია „როსნეფტში“ (ROSNEFT) თავისი 20%-იანი წილი.

მსგავს ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა Financial Times-იც.

BBC-ის წყაროს თანახმად, რომელიც მთავრობის წარმომადგენელია, ბრიტანეთის ბიზნესის მდივანი კუასი კუარტენგი დღეს (25 თებერვალს) ესაუბრა BP-ს ხელმძღვანელ ბერნარდ ლუნის.

შეხვედრის დროს კუარტენგმა „ეჭვის საფუძველი არ დაუტოვა ლუნის, თუ რამდენად სერიოზულად უყურებს მთავრობა BP-ის გადაჭარბებულ მოწყვლადობას რუსულ ინტერესებზე“.

BP ათ წელიწადზე მეტია, „როსნეფტში“ წილს ფლობს.

BBC-ის თანახმად, ბერნარდ ლუნისთან შეხვედრას ასევე ესწრებოდა BP-ს თავმჯდომარე იგორ სეჩინი, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარი და მოკავშირეა.

რუსეთის შეჭრის ფონზე, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აქტიურად უცხადებს მხარდაჭერას უკრაინასა და უკრაინელ ხალხს .

ამასთან, BP-ს „როსნეფტში“ წილის დათმობისკენ მოუწოდებს ბრიტანეთის ოპოზიციაც. მარგარეტ ჰოჯმა, რომელიც ანტიკორუფციულ ჯგუფს ხელმძღვანელობს პარლამენტში, განაცხადა:

„შოკის მომგვრელია, რომ BP, – მსხვილი ბრიტანული კორპორაცია, – ხელს უწყობს უკრაინაში [რუსეთის] შეჭრას და სარგებლობს პუტინის მანიაკალური აგრესიით. მაქვს მოლოდინი, რომ BP სწორად მოიქცევა და სწრაფად მოახდენს დივესტირებას [ანუ აქტივების შემცირებას/განულებას]“.

მე-2 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი