ახალი ამბები

რუსეთი დღეს უკრაინას ებრძვის ტანკებით, ხოლო საქართველოს ენმ-თი – იონათამიშვილი

25 თებერვალი, 2022 • 1292
რუსეთი დღეს უკრაინას ებრძვის ტანკებით, ხოლო საქართველოს ენმ-თი – იონათამიშვილი

“ქართული ოცნების” წევრი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ  დღეს რუსეთი უკრაინას ებრძვის ტანკებით, ხოლო საქართველოს -“ნაციონალური მოძრაობით”.

ამის შესახებ მან დღეს, 25 თებერვალს, “ქართული ოცნების” მიერ უკრაინასთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის ჩაშლის მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

სხდომაში, რომელიც ოპოზიციის ინიციატივით ჩაინიშნა და უკრაინაში რუსეთის ომზე უნდა ყოფილიყო მსჯელობა, იონათამიშვილი ხედავს “თემით სპეკულირების” შესაძლებლობას.

“ამიტომ იმ პარტიასთან ერთად, რომლის მიზანი სინამდვილეში უკრაინის მხარდაჭერა კი არ არის, არამედ ამ თემის სპეკულაციური გზით გამოყენება ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში, რასაკვირველია, ამ საკითხზე მსჯელობის არსს ვერ ვხედავთ. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც მათ მხარი არ დაუჭირეს არც საქართველოს პარლამენტში მიღებულ რეზოლუციას და არც ევრონესტში მომზადებულ რეზოლუციაში მიიღეს მონაწილეობა”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უკრაინაის საკითხზე. მანამდე ამ სხდომის გამართვისკენ პარლამენტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მოუწოდა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, სხდომას უმრავლესობის 82 დეპუტატიდან არცერთი არ დაესწრება. დარჩენილი 61 ოპოზიციონერი დეპუტატი კი ვერ შეკრავს ქვორუმს, ანუ ვერ მოაგროვებს 76 ხმას.

როგორც პაპუაშვილი მბობს, ოპოზიციის მიერ რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა არა უკრაინისადმი სოლიდარობის გამოცხადება, არამედ „უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა“.


მე-2 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).. პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი