ახალი ამბები

მონობაში სიცოცხლეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი სჯობს – ეპისკოპოსი იაკობი

25 თებერვალი, 2022 • 1199
მონობაში სიცოცხლეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი სჯობს – ეპისკოპოსი იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი დღევანდელ ქადაგებაში უკრაინაში მიმდინარე ომს ეხმიანება და ამბობს, რომ ქართველები უნდა დავფიქრდეთ, რომელ მხარეს ვდგავართ.

ბოდბის ეპარქიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ეპისკოპოსი ამბობს, როგორც კი ომი დაიწყო, მისთვის „დამთავრდა ერთ-ერთი მხარის სიმართლეზე საუბარი. იმიტომ, რომ არ შეიძლება, მე ძლიერი ვიყო, მივიდე და დავჩაგრო“. ამის მსგავსად, არ შეიძლება, რომ ბოლომდე შეიარაღებულმა ერმა „ვიღაც დაჩაგროს, იმიტომ, რომ იარაღით ვერ ერევა მას“.

„მე თუ თავისუფალი ვარ, ჩემი არჩევანი უნდა მქონდეს. აქ არ არის არც ნატოზე საუბარი, არც ევროკავშირზე – უბრალოდ, არ მოსწონთ ის, რომ მონა არ ხარ ვიღაცის. არ შეიძლება..
მონობაში სიცოცხლეს სჯობია თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი, მე პირადად ასე მირჩევნია. დღეს საქართველო არის ძალიან დიდი განსაცდელის წინაშე, არა მარტო უკრაინა, არამედ მთელი მსოფლიო დიდი განსაცდელის წინაშე ვართ…. როგორც ვიცით, უკრაინაზე იძახდა და ჩვენზე იძახდა, სანამ დაიწყებდა, მიზეზს ეძებდა.

2008-ში ვის რა დავუშავეთ? გაგვჟლიტეს, წაგვართვეს მიწები და რა ? სიკეთე შეიტანეს თუ რა იქ? მაპატიეთ და მოასხდნენ თავზე და არიან ისე. ამიტომ მინდა, ჩემს საყვარელ ერს მოგმართოთ და დავფიქრდეთ, თუ რის წინაშე ვდგავართ. ჩვენ ხომ მოგვიწევს რომელიმე მხარეს დადგომა, ხომ აუცილებლად მოგვიწევს – ან ისე, ან ასე. შეშინებული არ უნდა ვიყოთ, ჩვენ ვართ 100 ათასი მოწამის ერი, 6 ათასი ბერის ერი. მაგრამ ასევე ჩვენ ვართ დავით აღმაშენებლის ერი, რომელიც ბრძოლაში იმარჯვებდა. მთავარია, შეშინებულები არ ვიყო და ყველაფრისთვის მზად ვიყოთ“, – ამბობს ეპისკოპოსი იაკობი და ამატებს, რომ დღეს მაინც არ უნდა იყოს ერთმანეთთან შუღლი „ვითომ პოლიტიკური რაღაცების გამო“.


მე-2 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.ვრცლად:

რუსეთის სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე, დღე მე-2 — განახლებადი [Live]

მასალების გადაბეჭდვის წესი