ახალი ამბები

აშშ-ის მიერ სანქცირებულთა შორისაა VTB ბანკი საქართველოც

25 თებერვალი, 2022 • 4604
აშშ-ის მიერ სანქცირებულთა შორისაა VTB ბანკი საქართველოც

რუსულ ბანკებს შორის, რომელთაც აშშ-მა სანქციები დაუწესა, რუსეთის სახელმწიფო ბანკის, VTB-ს შვილობილი კომპანია “VTB ბანკი საქართველოც” არის. რუსეთისათვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა 24 თებერვალს განაცხადა, რასაც წინ უძღოდა მოსკოვის სამხედრო თავდასხმა უკრაინაზე.

ჯო ბაიდენის თანახმად, G7-ის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ „შეზღუდავენ რუსეთის შესაძლებლობას, აწარმოოს საქმიანობა დოლარში, ევროში, ფუნტში, იენში და იყოს გლობალური ეკონომიკის ნაწილი“.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის თანახმად, ის “უპრეცედენტო ზომებს იღებს” რუსეთის ორი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის — Sberbank-სა და  VTB ბანკის წინააღმდეგ, “რაც მკვეთრად ცვლის მათ ფუნდამენტურ ფუნქციონირებას”.

“ყოველდღიურად რუსული ფინანსური ინსტიტუტები ახორციელებენ დაახლოებით 46 მილიარდი დოლარის ღირებულების სავალუტო ტრანზაქციებს მსოფლიოში, რომელთა 80 პროცენტი ამერიკულ დოლარშია. ამ ტრანზაქციების დიდი უმრავლესობა ახლა შეფერხდება”, — აღნიშნავს ხაზინის დეპარტამენტი.

უწყების თანახმად, VTB ბანკს აშშ-ის ფინანსური სისტემების გავლით ფინანსური ოპერაციების განხორციელება აეკრძალება:

“რუსეთის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც ექვემდებარებიან დღევანდელ მოქმედებას[სანქციებს], ვეღარ ისარგებლებენ აშშ-ის ფინანსური სისტემის შესანიშნავი მიღწევებით, ეფექტურობითა და უსაფრთხოებით”.

თეთრი სახლის განცხადებით, გაიყინება VTB ბანკის ნებისმიერი აქტივი, რომელიც აშშ-ის ფინანსურ სისტემასთან არის შემხებლობაში.

სანქცირებული ერთეულების ჩამონათვალის მიხედვით, მათ შორისაა VTB-ს შვილობილი კომპანია “VTB ბანკი საქართველოც”.

24 თებერვლის დილით რუსეთმა  უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

ნეტგაზეთი განახლებად რეჟიმში გთავაზობთ ცნობებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. სიახლეები გამოჩნდება გვერდის თქვენ მიერ განახლების (დარეფრეშების) შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი