ახალი ამბები

ევროკავშირის ქვეყნები უკრაინელი ლტოლვილების მისაღებად ემზადებიან

24 თებერვალი, 2022 •
ევროკავშირის ქვეყნები უკრაინელი ლტოლვილების მისაღებად ემზადებიან

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის მოქალაქეების შეფარებისა და ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მზადყოფნა გამოთქვა.

„ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ლტოლვილები და მივაწოდოთ ყველა აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარება“, — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. მან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა რაც შეიძლება მცირე იქნება, თუმცა თქვა, რომ ევროკავშირი სრულ მზადყოფნაშია.

ევროკავშირმა ასევე დააანონსა სანქციების მეორე პაკეტი, რომელიც დღეს გამოცხადდება.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, უკრაინის მოქალაქეების მცირე ნაწილმა დაიწყო ქვეყნის დატოვება და პოლონეთში შესვლა მედიკას გამშვები პუნქტის გავლით.

პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პოლონეთის საავადმყოფები ემზადებიან დაჭრილი უკრაინელების მისაღებადაც.

მცირე ჯგუფებმა თავი შეაფარეს უნგრეთს. ლტოლვილების მიღების მზადყოფნა გამოთქვა სლოვაკეთმა.

„ჩვენ თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რომ რუსული აგრესია ბევრ უკრაინელ ქალსა და მამაკაცს განდევნის საკუთარი ქვეყნიდან. გთხოვთ, გამოვიჩინოთ თანაგრძნობა და გაგება მათ მიმართ“, — განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარ ჰეგერმა.

სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინასთან საერთო საზღვარზე ჯარისკაცებს გაგზავნიან ლტოლვილთა ნაკადების სამართავად.

მასალების გადაბეჭდვის წესი