ახალი ამბები

რუსეთისთვის ცივილიზებული მსოფლიოს პასუხი უნდა იყოს სწრაფი და მტკივნეული – ზარქუა

24 თებერვალი, 2022 • 734
რუსეთისთვის ცივილიზებული მსოფლიოს პასუხი უნდა იყოს სწრაფი და მტკივნეული – ზარქუა

“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ რუსეთს ცივილიზებულმა მსოფლიომ ადეკვატური, სწრაფი და “საკმაოდ მტკივნეული” პასუხი უნდა გასცეს.

ზარქუა მოუწოდებს მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებს, რომ 2008 წლის შეცდომები არ დაუშვან, როცა “ოკუპანტს თავისი გაუვიდა”.

“თუ ზედაპირული სანქციებით შემოვიფარგლეთ, ოკუპანტი უფრო გაძლიერდება და ხვალ-ზეგ უარესს ჩაიდენს. დღეს უკრაინა არის განსაცდელში და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, მსოფლიოს, რომ გავერთიანდეთ უკრაინას დასაცავად”, – განაცხადა ზარქუამ.

რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, ზარქუას თქმით, ის უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში ასახეს.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ყველა ნაბიჯი შეთანხმებულია დასავლელ პარტნიორებთან და მათთან ერთად შეთანხმებულად მოქმედებას გააგრძელებენ.

დღეს, 24 თებერვლის დილით, რუსეთმა  უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი