უკრაინის მხარდასაჭერი აქცია დღეს, 24 თებერვალს, 19:00 საათზე თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. აქცია სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობისა და პარტიის ორგანიზებით დაიგეგმა. მათ შორის არიან “დროა”, “სირცხვილია”, ენმ-ის ახალგაზრდული ფრთა, “შეცვალე” და “გირჩი – მეტი თავისუფლება”.
“დღეს უკრაინა გადის იმ გზას, რომელიც საქართველომ 2008 წელს გაიარა. მაშინაც და ახლაც პუტინის მთავარი მიზანია ისტორიის გადაწერა. ცდილობდა და ცდილობს, დააჯეროს მთელ მსოფლიოს, თითქოს,რუსეთი არ არის „ბოროტების“ იმპერია და თითქოს რუსეთი არ იწყებს ომს, მაგრამ მრავალწლიანი ისტორია გვაჩვენებს, რომ ომს ყოველთვის რუსეთი იწყებს. მთელი მსოფლიო უსვამს ხაზს, რომ დღეს რუსეთი ისეთ ნაბიჯებს დგამს უკრაინასთან მიმართებაში, როგორიც გადადგა საქართველოსთან. პუტინი თავისი გამოსვლის დროს გვარწმუნებდა, რომ სურს მშვიდობა და არ ითვისებს არცერთი სახელმწიფოს ტერიტორიას, მაგრამ ბოლოს დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აქტს ხელი მოაწერა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე დაიწერა.
დღეს, 24 თებერვლის დილით, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.
როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.
ნეტგაზეთი განახლებად რეჟიმში გთავაზობთ ცნობებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. სიახლეები გამოჩნდება გვერდის თქვენ მიერ განახლების (დარეფრეშების) შემდეგ.








