ახალი ამბები

ბაიდენი სანქციებს უწესებს Nord Stream 2-ის მშენებელ კომპანიას

24 თებერვალი, 2022 • 1583
ბაიდენი სანქციებს უწესებს Nord Stream 2-ის მშენებელ კომპანიას

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ სანქციებს უწესებს კომპანიას, რომელიც რუსეთის Nord Stream 2 მილსადენის მშენებლობას ხელმძღვანელობს.

„დღეს მე ვუბრძანე ჩემს ადმინისტრაციას, დაუწესოს სანქციები [კომპანია] Nord Stream 2 AG-ს და მის კორპორატიულ ოფიცრებს“, – ამბობს ბაიდენი 23 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზიდენტის განცხადებით, „ეს ნაბიჯი არის კიდევ ერთი ნაწილი“ შტატების მიერ დაწესებული „სანქციების პირველი ტრანშისა“, რომელიც უკრაინაში რუსეთის ქმედებების პასუხად დააწესეს.

„როგორც უკვე ნათლად განვაცხადე, ჩვენ უყოყმანოდ გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს, თუკი რუსეთი განაგრძობს ვითარების გამწვავებას“, – აცხადებს იგი.

„თავისი ქმედებებით, პრეზიდენტმა [ვლადიმერ] პუტინმა მსოფლიოს უდიდესი სტიმული მისცა, რომ უარი თქვას რუსულ გაზსა და ენერგიის სხვა წყაროებზე“, – წერს ბაიდენი.


რუსეთის ფედერაციამ 21 თებერვალს დამოუკიდებლად ცნო დონეცკის და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკები.

პუტინის გადაწყვეტილების პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  განაცხადა, რომ უკრაინას არავისი და არაფრის არ ეშინია.

შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, ბრიტანეთმა, იაპონიამ და სხვა ქვეყნებმა სანქციები დააწესეს.

უკვე რამდენიმე კვირაა დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეზე საუბრობენ. მზარდი დაძაბულობის ფონზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ომს გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი