ახალი ამბები

ვინც ჩვენს კანონებს პატივს არ სცემს, ამა თუ იმ ქვეყნის თუ ლიდერის იგნორს მოვახდენ – ღარიბაშვილი

23 თებერვალი, 2022 •
ვინც ჩვენს კანონებს პატივს არ სცემს, ამა თუ იმ ქვეყნის თუ ლიდერის იგნორს მოვახდენ – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ არ განიხილება სააკაშვილის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანა და სააკაშვილზე კომენტარს აღარ გააკეთებს.

„რუსთავი 2-ის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გამგზავრებას საზღვარგარეთ, პრემიერმა უპასუხა:

„მე აღარ მსურს პატიმარ სააკაშვილზე საუბარი. მე ამ ადამიანზე ვსაუბრობდი მანამ, სანამ იყო რეალური საფრთხის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და ეროვნული უსაფრთოხებისთვის. მას შემდეგ, რაც დავაკავეთ, ის ჩემთვის აღარაა საინტერესო… ციხის ადმინისტრაციას და პენიტენციურს 2000 პატიმრის შიმშილობის გამოცდილება აქვს. როგორმე კიდევ ერთი პატიმრის შიმშილობას მართავენ და საკმაოდ წარმატებულად“.

კითხვაზე, მიიღო თუ არა თხოვნა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან სააკაშვილის უკრაინაში გამგზავრებასთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა:

„ეს არ არის ასე… ჩემთვის არავის… საუბარი გვქონდა ზოგადად … მაგრამ მინდა გითხრათ შემდეგი: ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ვინც ჩვენი ქვეყნის კანონებს პატივს არ სცემს, შესაბამისად, მეც აბსოლუტურ იგნორს მოვახდენ ამა თუ იმ ქვეყნების თუ მათი ხელმძღვანელების. ეს ზოგადად მინდა, რომ ცხადად ვთქვა“.

„ზოგადად მინდა დაგარწმუნოთ, ისეთი ვითარებაა დღეს მსოფლიოში, როგორ წარმოგიდგენიათ, სხვა ქვეყნებზე კი არა, პატიმრებზე ფიქრობდეს ამა თუ იმ ქვეყნის ლიდერი“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.


მიხეილ სააკაშვილმა 21 თებერვალს, საკუთარ სასამართლო სხდომაზე მეორედ გამოაცხადა უვადო შიმშილობა.

„ნაციონალური მოძრაობა“ 2022 წლის 5 მარტს, 17:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას აანონსებს.

„ერთადერთი გზა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის არის შემდეგი: მიხეილ სააკაშვილი იყოს გადაყვანილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უცხოურ კლინიკაში შესაბამისი მკურნალობის მისაღებად“, – აცხადებს ნიკა მელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი