ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი არაიკ არუთუნიანი აცხადებს, რომ მიესალმება „ვლადიმერ პუტინის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას“.
22 თებერვლით დათარიღებულ წერილში დე ფაქტო პრეზიდენტი არუთუნიანი წერს, რომ „ერთა თვითგამორკვევისა და საკუთარი სახელმწიფოს აშენების უფლება განუყოფელია ყველა ხალხისთვის და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს“.
„დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და მისი საერთაშორისო აღიარება იმპერატიული ხდება ეგზისტენციალური საფრთხის პირობებში, რადგან ის არის სისხლისღვრისა და ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან არიდების ყველაზე ეფექტური და ცივილიზებული საშუალება“, – აცხადებს იგი.
იგი გამოთქვამს იმედს, რომ „ამ ოდესღაც აყვავებულ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა აღდგება“.
კონტექსტი
წუხელ, 21 თებერვალს, რუსეთის ფედერაციამ დამოუკიდებლად ცნო დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლკები.
ამასთან, უკრაინის ხელისუფლებას „საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა“ მოსთხოვა და დასძინა:
„წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა შესაძლო სისხლისღვრის გაგრძელებისთან დაკავშირებით უკრაინის ტერიტორიაზე იქნება მმართველი რეჟიმის სინდისზე“.
რუსეთის მიერ ლუჰანსკისა და დონეცკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტები, ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვიც გამოეხმაურნენ. ცხინვალში ეს ფაქტი საზეიმოდ, ავტომსვლელობებითა და ცეკვის ანსამბლ „სიმდის“ გამოსვლით აღნიშნეს.
ვინ ვის აღიარებს
რუსეთის ფედერაცია აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების სუვერენიტეტს, თუმცა, არა ყარაბაღისას.
ლუგანსკის და დონეცკის დე ფაქტო რესპუბლიკები 2015 წლიდან აღიარებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს.
თუმცა ლუგანსკისა და დონეცკის სუვერენიტეტს მხოლოდ ცხინვალი აღიარებს. არც სოხუმს და არც სტეფანაკერტს მათი სუვერენიტეტი არ უღიარებია. მეორე მხრივ, ყარაბაღის სუვერენიტეტს არც ლუგანსკი და დონეცკი აღიარებენ.
ჯერჯერობით არ არის ცხადი, აპირებენ თუ არა სოხუმსა და სტეფანაკერტში ლუგანსკისა და დონეცკის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას.
უკვე რამდენიმე კვირაა დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეზე საუბრობენ. მზარდი დაძაბულობის ფონზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ომს გეგმავს.
აშშ-ს აქვს მოლოდინი, რომ პუტინი კვლავ აპირებს ომს. CNN-თან ინტერვიუში სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახეზეა ყველა ქმედება, რომელიც წინ უსწრებს უკრაინაში რეალურ შეჭრას.
18 თებერვალს დონბასისა და ლუგანსის ლიდერებმა რუსეთში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. მანამდე კი პუშილინმა თქვა, რომ არ გამორიცხავს, დახმარებისთვის რუსეთს მიმართოს.
პუტინის გადაწყვეტილების პასუხად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას არავისი და არაფრის არ ეშინია.
ვრცლად: