ახალი ამბები

ენმ ითხოვს, რომ თბილისში მოსკოვის გამზირს კიევის სახელი ეწოდოს

22 თებერვალი, 2022 • 1445
ენმ ითხოვს, რომ თბილისში მოსკოვის გამზირს კიევის სახელი ეწოდოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, რომ თბილისში მოსკოვის გამზირს სახელი გადაერქვას და კიევის სახელი ეწოდოს.

აღნიშნული ინიციატივის შესახებ თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ანა გოგოლაძემ განაცხადა.

ის ამბობს, რომ ახლა უკრაინა ისეთივე საფრთხის ქვეშ არის, როგორც საქართველო იყო 2008 წელს. ამასთანავე, წარსული და არსებული რეალობის გათვალისწინებით – „პარადოქსია, რომ თბილისის ერთ-ერთ დიდ გამზირს წლებია აქვს ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქის, მოსკოვის სახელწოდება“.

„სირცხვილია, ერთსა და იმავე ქალაქში გვქონდეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა სახელობის ქუჩები და, ამავდროულად, მათთან ერთად არსებობდეს ამ ომის გამომწვევი და განმახორციელებელი ქვეყნის დედაქალაქის სახელობის ქუჩა.

აქედან გამომდინარე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შევდივართ თბილისის საკრებულოში ინიციატივით, ნაცვლად ოკუპანტი სახელმწიფოს დედაქალაქის სახელწოდებისა, გამზირს დაერქვას უკრაინის დედაქალაქის, კიევის სახელი, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობრის, საზიარო ღირებულებების მქონე და სტრატეგიული პარტნიორის პატივსაცემად“, – აცხადებს ის.

მთავარი ფოტო: ფეისბუკ გვერდი თბილისი – Tbilisi, Georgia

 

მასალების გადაბეჭდვის წესი