საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სინამდვილეში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაზე თავდასხმაზე უარი თქვა.
მისი თქმით, დასავლეთის უპრეცედენტო ერთიანობამ და უკრაინელი ხალხის ერთ მუშტად შეკვრამ თავისი სიტყვა თქვა.
„რაც მან ე.წ. აღიარა, იმას ისედაც აკონტროლებდა. ამით მან ოფიციალურად მოკლა მინსკის შეთანხმება და აღიარა ოკუპანტის სტატუსი.
აბა, სად ხართ ის ხალხი, ვინც მე 2008-ში ომის დაწყებას ან პროვოკაციაზე წამოგებას მედავებოდა. ისევ აწვებით პირველ ჩვენებას? ახლა ხომ დაინახეთ უკრაინა? და საქართველოს რაც არ უნდა ექნა, “აღიარება” მაინც მოხდებოდა. ოღონდ საქართველოს, უკრაინისგან განსხვავებით, არ აქვს სტრატეგიული სიღრმე და რუსები თბილისს აიღებდნენ. ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი დედაქალაქი და ჩვენი სახელმწიფოებრიობა“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
რუსეთის ფედერაციამ წუხელ, 21 თებერვალს, დამოუკიდებლად ცნო დონეცკის და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლკები.
ამასთან, მან უკრაინის ხელისუფლებას „საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა“ მოსთხოვა და დასძინა:
„წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა შესაძლო სისხლისღვრის გაგრძელებისთან დაკავშირებით უკრაინის ტერიტორიაზე იქნება მმართველი რეჟიმის სინდისზე“.
უკვე რამდენიმე კვირაა დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეზე საუბრობენ. მზარდი დაძაბულობის ფონზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ომს გეგმავს.
აშშ-ს აქვს მოლოდინი, რომ პუტინი კვლავ აპირებს ომს. CNN-თან ინტერვიუში სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახეზეა ყველა ქმედება, რომელიც წინ უსწრებს უკრაინაში რეალურ შეჭრას.
18 თებერვალს დონბასისა და ლუგანსის ლიდერებმა რუსეთში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. მანამდე კი პუშილინმა თქვა, რომ არ გამორიცხავს, დახმარებისთვის რუსეთს მიმართოს.
პუტინის გადაწყვეტილების პასუხად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას არავისი და არაფრის არ ეშინია.