ახალი ამბები

მედვედევის თქმით, 2008 წლის ომმა აჩვენა, რომ სანქციებთან გამკლავება შესაძლებელია

21 თებერვალი, 2022 • 2589
მედვედევის თქმით, 2008 წლის ომმა აჩვენა, რომ სანქციებთან გამკლავება შესაძლებელია

რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა გამოცდილებით ისწავლა, რომ სანქციებთან გამკლავება შესაძლებელია. ამის შესახებ მედვედევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2008 წელს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარებამ ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. მისი თქმით, ეს ნატოსა და გარკვეული ევროპული ქვეყნებისთვის იყო მაგალითი, რომ რუსეთის ფედერაციასთან მსგავსად მოქცევა არ შეიძლება.

ამასთან, მედვედევმა ისაუბრა შესაძლო სანქციების შესახებაც და თქვა, რომ ბოლო 14 წლის განმავლობაში დაგროვებულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლა გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიწევს:

“ახლა ვითარება გაცილებით რთულია და რაღაც მხრივ, შეიძლება, უფრო მარტივიცაა. განვმარტავ. რთულია, რადგან პოტენციური კონფლიქტის მასშტაბს ვერ შევადარებთ იმას, რასაც ჩვენ 2008 წელს წავაწყდით. მეორე მხრივ, მარტივია, რადგან ჩვენ მაშინ არ ვიცოდით, როგორი რეაქცია მოჰყვებოდა, ახლა კი ვიცით, რა მოხდება, ვიცით ყველა პრობლემა, ყველა სირთულე, ყველა წინადადება სანქციების შესახებ, რომლებსაც ჩვენი მისამართით ამბობენ. გვესმის, რომ იქნება ჩვეულებრივზე მაღალი ზეწოლა, თუმცა ვიცით, რა გზით გავუწიოთ წინააღმდეგობა ამ ზეწოლას. ჩვენ დაგვეხმარება ბოლო 14 წლის გამოცდილება.

ამ გამოცდილებამ აჩვენა, რომ იქნება რთული, თუმცა, რაღაც დროის შემდეგ, ვითარების ჭკვიანურად მართვის შემთხვევაში, ეს ზეწოლა, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარშემო ვიბრირებს, ნებისმიერ შემთხვევაში დაიწევს. არა ერთბაშად და ჩქარა. თუმცა ასეა მოწყობილი ადამიანების ისტორია, რომ ამ ვითარებით ადრე თუ გვიან დაიღლებიან და თავად გვთხოვენ, დავუბრუნდეთ დისკუსიას, მოლაპარაკებებს სტრატეგიული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ”, – განმარტა მედვედევმა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობის საკითხი განიხილებოდა. საბჭოს წევრებმა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ცნობას მხარი დაუჭირეს, საბოლოო გადაწყვეტილება კი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უნდა მიიღოს.


უკვე რამდენიმე კვირაა დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეზე საუბრობენ. მზარდი დაძაბულობის ფონზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ომს გეგმავს. 

აშშ-ს აქვს მოლოდინი, რომ პუტინი კვლავ აპირებს ომს. CNN-თან ინტერვიუში სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახეზეა ყველა ქმედება, რომელიც წინ უსწრებს უკრაინაში რეალურ შეჭრას.

18 თებერვალს დონბასისა და ლუგანსის ლიდერებმა რუსეთში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. მანამდე კი პუშილინმა თქვა, რომ არ გამორიცხავს, დახმარებისთვის რუსეთს მიმართოს.

ნახეთ ასევე:

აფხაზური მხარე დონბასს სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას სთავაზობს

მასალების გადაბეჭდვის წესი