უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრის რისკის ფონზე, ათამდე ავიაკომპანიამ უკრაინის მიმართულებით ფრენები შეაჩერა.
უკრაინაში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი ფრენების უსაფრთხოების დონის შემცირებით არ არის განპირობებული და საჰაერო სივრცე ღია რჩება.
BBC-ის ცნობით, არაერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ გამოაცხადა, რომ ან აჩერებენ, ან ამცირებენ ფრენებს უკრაინის მიმართულებით, რის მიზეზადაც უსაფრთხოების რისკებს ასახელებენ.
მაგალითად, გერმანულმა კომპანია „ლუფთანზამ“ (Lufthansa) გამოაცხადა, რომ 21 თებერვლიდან წყვეტს ფრენებს, რითაც შეუერთდა ნიდერლანდურ ავიაკომპანია KLM-ს, რომელსაც უკვე შეჩერებული აქვს ფრენები.
„ეარ ფრანსმა“ (Air France) 21 თებერვალსვე განაცხადა, რომ 22 თებერვლისთვის დაგეგმილ ფრენებს აჩერებს, თუმცა ასევე განაცხადა, რომ ეს „პრევენციული ზომაა“ და კომპანია „რეგულარულად შეაფასებს სიტუაციას“.
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე ღია რჩება.
„არაერთი უცხოური ავიაკომპანიის მიერ ფრენების გაუქმება ნაკარნახევია მხოლოდ ვითარების საინფორმაციო გამწვავებით და არა ფრენების უსაფრთხოების დონის რეალური ცვლილებით“, – განაცხადა ოლექსანდერ კუბრაკოვმა პრესკონფერენციაზე.
მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობა „მუშაობს, რათა ჩანაცვლდეს გაუქმებული ფრენები“ და დასძინა, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზზებმა უკვე დაიწყო დამატებითი ფრენების დაგეგმვა.
- უკრაინაში მზარდი დაძაბულობის ფონზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ომს გეგმავს.
- აშშ-ს აქვს მოლოდინი, რომ პუტინი კვლავ აპირებს ომს. CNN-თან ინტერვიუში სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახეზეა ყველა ქმედება, რომელიც წინ უსწრებს უკრაინაში რეალურ შეჭრას. ამასთანავე, CBS წყაროზე დაყრნობით ამბობს, რომ აშშ-ის დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსულმა სამხედრო მეთაურებმა უკრაინაში შეჭრის გაგრძელების ბრძანება მიიღეს.
- რაც შეეხება უკრაინას, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მხარს უჭერს სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფს და ამატებს, რომ უკრაინა „სიჩუმის რეჟიმზე“ გადადის.
- რუსეთმა და ბელარუსმა გაახანგრძლივეს ერთობლივი სამხედრო წვრთნები. ეს წვრთნები ბელარუსში, უკრაინის საზღვართან მიმდინარეობს. ის 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნები გაგრძელდება „დონბასში ვითარების გამწვავების გამო“.
- 20 თებერვლის დილას უკრაინამ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის მონაცემებით, დონბასში რუსეთმა ცეცხლი 136-ჯერ გახსნა, დაიღუპა სამხედრო, ხოლო დაშავდა 4 სამხედრო.