ახალი ამბები

დონბასში რუსეთმა ცეცხლი 136-ჯერ გახსნა, დაიღუპა 2 სამხედრო – უკრაინა

20 თებერვალი, 2022 • 1966
დონბასში რუსეთმა ცეცხლი 136-ჯერ გახსნა, დაიღუპა 2 სამხედრო – უკრაინა

უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთმა დონბასში 136-ჯერ გახსნა ცეცხლი, აქედან 116-ჯერ მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღით.

უწყების ცნობითვე, ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა 2 სამხედრო. დაშავდა 4 სამხედრო, რომლებსაც „სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აქვთ და ამჟამად გადაყვანილნი არიან სამედიცინო დაწესებულებებში“.

შტაბის ინფორმაციითვე, ამ დრომდე არსებული ინფორმაციით არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა.

ამ ინფორმაციას ადასტურებს რუსული მხარეც, ოღონდ ირწმუნება, რომ გარდაცვლილები „საბოტაჟის დაჯგუფების“ წევრები იყვნენ და „ტერორისტულ თავდასხმას“ აპირებდნენ.


დასავლეთის ქვეყნები, რამდენიმე კვირაა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეზე საუბრობენ, 18 თებერვალს კი აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინმა უკვე მიიღო უკრაინაზე თავდასხმის გადაწყვეტილება. თავად მოსკოვი აღნიშნულს უარყოფს.

18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტმა ლიდერებმა, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთში დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს უდგანან სათავეში, მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია დაიწყეს.

19 თებერვალს ორივე სეპარატისტმა ლიდერმა სრული სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა. ისინი კიევის მხრიდან “დაგეგმილი აგრესიის” შესახებ საუბრობენ, რასაც უკრაინა უარყოფს.

პარალელურად, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ ინფორმაცია მიიღო დონეცკში ინფრასტრუქტურული ობიექტების დანაღმვის შესახებ. უწყების თქმით, ეს არის ე.წ. ყალბი შეტევისათვის მზადების ნაწილი, რომლის მიზანიც თავდასხმაში ოპონენტის დადანაშაულებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი