ახალი ამბები

ვერავინ იგრძნო, რომ ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციას ესწრებოდა — კაკაჩია

21 თებერვალი, 2022 • 1526
ვერავინ იგრძნო, რომ ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციას  ესწრებოდა — კაკაჩია

ევროპაში შექმნილი უსაფრთხოების კრიზისის ფონზე, რომლის ერთ-ერთი თემა, უკრაინასთან ერთად, საქართველოს ნატოში გაწევრიანების დაბლოკვაა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე კონფერენციაზე დასრულდა სიტყვით გამოსვლის, ასევე, აშშ-ისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებთან (გარდა ბულგარეთის პრემიერისა) მაღალი დონის შეხვედრების გარეშე.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება. 2014 წელს ის სიტყვით გამოვიდა  სესიაზე „გლობალური ძალაუფლება და რეგიონული უსაფრთხოება“, 2015 წელს კი სესიაზე —  „უკრაინის მიღმა — გადაუჭრელი კონფლიქტები ევროპაში“. წელს ღარიბაშვილი არ ყოფილა არცერთი ძირითადი საპანელო დისკუსიის მომხსენებელი, ასევე, არ გაუმართავს შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდის მიხედვით, მიუნხენში ვიზიტისას ღარიბაშვილი შეხვდა:

  • ბულგარელ კოლეგას, კირილ პეტკოვს;
  • ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერ და თავდაცვის მინისტრ ბენი განცს;
  • საუდის არაბეთის სამეფოს პრინც ფეიზალ ბინ ფაჰრან ალ საუდს;

უსაფრთხოების საკითხებზე მეტად ვიზიტი  ფოკუსირებული იყო ბიზნეს-ეკონომიკურ კავშირებზე. ღარიბაშვილი შეხვდა:

  • Jigsaw-Google-ის აღმასრულებელ დირექტორს;
  • კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს; GLOBSEC-ის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ჩამოთვლილ დღის წესრიგს საგარეო საქმეთა მინისტრიც „გაუმკლავდებოდა“ და გაუგებარია, მაშინ რა აზრი ჰქონდა პრემიერ-მინისტრის გერმანიაში ჩასვლას.

„საგარეო პოლიტიკის მიმართლებით აქტიურობის და ხილვადობის კუთხით „ქართული ოცნების“ ხელისუფლება წინამორბედს ძალიან ჩამორჩება. მაგალითად, სააკაშვილის ხელისუფლების დროს პრიორიტეტი იქნებოდა, ის სიტყვით გამოსულიყო მიუნხენის უსაფრთოების კონფერენციაზე, ან ერთ-ერთ მომხსენებელს შორის ყოფილიყო რომელიმე პანელზე. საქართველო საკუთარ გეოპოლიტიკურ წონაზე ცოტა ზემოთ ხტებოდა. დღეს, სამწუხაროდ, ასე ვერ არის. არ ვიცი, საქართველოს არ უნდა, ზედმეტად იაქტიუროს საგარეო პოლიტიკაში თუ მართლა ვერ ახერხებენ ლობირებას ასეთი მაღალი დონის შეხვედრებზე, რომ საქართველო პრემიერ-მინისტრი გამოვიდეს. ან აქვს კი საქართველოს რამე სათქმელი?“, — კითხულობს კორნელი კაკაჩია.

მისი შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მიუნხენის კონფერენციაზე წარმატებულად ვერ ჩაითვლება.

„ამ დონის შეხვედრებისთვის პრემიერ-მინისტრის მოცდენას და იქ წასვლას, მე მგონი, დიდი აზრი არ ჰქონდა. ამას საგარეო საქმეთა მინისტრიც მშვენივრად გაართმევდა თავს. აქედან გამომდინარე იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეფექტური ვიზიტი ვერ შედგა.

ის მიიჩნევს, რომ ფორუმის ორგანიზატორებთან შეიძლებოდა შეთანხმება და უკრაინის პრეზიდენტთან ერთად თუ არა, შეიძლებოდა, მოლდოვის მონაწილეობით, უკრაინის თემას მიბმული პანელის ორგანიზება.

„უამრავი რამ შეიძლებოდა, მაგრამ ამას ხედვა სჭირდება. ამ შემთხვევაში კი, თითქოს ვერავინ იგრძო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა ამ ფორუმს. ჩვენ ისიც არ ვიცით, რა წამოიღო საქართველომ ამ ფორუმიდან, გარდა ტექნიკურად დასწრებისა“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ კაკაჩიამ.

კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს არასაკმარისი ხილვადობის მიზეზი კომპლექსურია და უკავშირდება როგორც ქართული მხრიდან არასათანადო მუშაობას, ისე დასავლეთში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ ნაკლებ კეთილგანწყობას, რასაც შიდაპოლიტიკური პროცესებიც განსაზღვრავს.

„საგარეო პოლიტიკა „ქართული ოცნების“ პლუსებში არ ითვლება. მათ ვერ შეძლეს, ევროპაში ან ამერიკაში თუნდაც ახალი მეგობრები შეეძინათ საქართველოსთვის. საქართველო საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგიდან ნელ-ნელა ჩამოდის და ეს იყო კიდეც მიზანი, რაც ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე დასახელა — საქართველო არ უნდა იყოს დასავლეთსა და რუსეთს  შორს განხეთქილების საგანი. მე მგონი, ნელ-ნელა ამ პოლიტიკისკენ მივდივართ“, — ამბობს კაკაჩია.

მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე კონფერენცია 18-20 თებერვლს გაიმართა. კონფერენციაში, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის განსახილველად, 450-ზე მეტი გადაწყვეტილების მიმღები მაღალჩინოსანი და ლიდერი მონაწილეობდა, რომლებიც საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის ყველაზე აქტუალურ საკითხებს განიხილავდნენ. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შეხვდა უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებას, ეუთოს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდს, წმინდა საყდრის საგარეო ურთიერთობათა მდივან პოლ რიჩარდ გალაჰერს,  სლოვენიელ კოლეგა ანჟე ლოგარს, ასევე, მონაწილეობა მიიღო კონფერენციის ფარგლებში გამართულ საპანელო დისკუსიაში, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონს მიეძღვნა.ოპიზიცია საუბრობს საგარეო პოლიტიკის კოლაფსზე და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აკრიტიკებს მიუნხენის უსაფრთხოების პლატფორმის გამოუყენებლობის გამო.

თავად პრემიერ-მინისტრი ვიზიტს ნაყოფიერს უწოდებს და ხაზს უსვამს, რომ მიუნხენში იმყოფებოდა პირადად კონფერენციის თავმჯდომარის, ვოლფგანგ იშინგერის მიწვევით.

„შეხვედრები გავმართე როგორც პოლიტიკურ ლიდერებთან, ასევე, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან. ჩვენთვის პრიორიტეტული იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პლატფორმის გამოყენება ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად. უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი უკრაინელი მეგობრებისადმი, ასევე, ვიმსჯელეთ ვითარების განმუხტვის გზებზე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან“, — აცხადებს ღარიბაშვილი და დასძენს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვიზიტის ფარგლებში გამართული ეკონომიკური შეხვედრები, რადგან ქვეყნის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ეკონომიკის გასაძლიერებლად, რათა საქართველო რეგიონული ჰაბი გახდეს.

„საგარეო პოლიტიკის კოლაფსი“ – მიუნხენში პრემიერის ვიზიტს თბილისში აფასებენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი